
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან მაიკ უოლცის გათავისუფლება მისი მოქმედებების მიმართ უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა, მათ შორის იყო ირანზე თავდასხმის მხარდაჭერა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
როგორც გამოცემა წერს, უოლცის გათავისუფლება ტრამპმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მარტში The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჯგუფურ ჩატში დაამატა, სადაც იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ. ამასთან, ანონიმური წყაროების თქმით, მხოლოდ ეს არ იყო უოლცის გათავისუფლების მიზეზი. ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს კონფლიქტი ჰქონდა გუნდის სხვა წევრებთანაც.
გარდა ამისა, წყაროების თქმით, უოლცმა გააღიზიანა ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოვალურ კაბინეტში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაშინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დადგა დრო ირანზე იერიშის მისატანად.
მაიკ უოლცის გათავისუფლების შესახებ ცნობილი პირველ მაისს გახდა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპმა განაცხადა, რომ უოლცს გაერო-ში აშშ-ის ელჩად წარადგენდა.