აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკისა და კანადისთვის 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესება 30 დღით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები დათანხმდნენ, მიიღონ ზომები საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესაჩერებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს და მექსიკის პრეზიდენტს, კლაუდია შეინბაუმს ესაუბრა.
„კანადა დათანხმდა, რომ ჩვენ გვქონდეს უსაფრთხო ჩრდილოეთ საზღვარი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თავდაპირველი შედეგით და შაბათს გამოცხადებული ტარიფები 30 დღით შეჩერდება, რათა დავინახოთ, შესაძლებელია თუ არა კანადასთან საბოლოო ეკონომიკური შეთანხმების სტრუქტურირება“, – წერს ტრამპი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რაც შეეხება მექსიკას, ქვეყნის მთავრობამ, ტარიფების შეჩერების სანაცვლოდ, პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ საზღვარს ეროვნული გვარდიის 10 000 ჯარისკაცით გაამაგრებს, რათა მექსიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების კონტრაბანდა შეაჩეროს და უსაბუთო მიგრანტების ნაკადი გააკონტროლოს.
კანადისა და მექსიკისგან განსხვავებით, შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით არ მომხდარა ჩინეთთან და შესაბამისად, 10%-იანი ტარიფის ძალაში შესვლა ადგილობრივი დროით 12:01 საათზე, (თბილისის დროით სამშაბათი, 09:01 საათი) იგეგმება. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინა ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მიმდინარე კვირაში სატელეფონო საუბარი შედგება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე დაწესებული ტარიფები ძალაში ასევე სამშაბათს უნდა შესულიყო.