დონალდ ტრამპმა კიევისათვის ავისმომასწავებელი ნაბიჯი გადადგა – The Times

68
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რას ნიშნავს უკრაინისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების შეჩერება? დონალდ ტრამპმა კიევისათვის ავისმომასწავებელი ნაბიჯი გადადგა“ (ავტორი – ალისტერ დოუბარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უყვარს ხოლმე იმის თქმა, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს უკრაინის არმიას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები – „ჯაველინები“ მიაწოდა, რომლებმაც, კომპაქტურ NLAW-თან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსეთის მექანიზებული კოლონების შესაჩერებლად ომის დასაწყისში. ეს მხოლოდ ორი დასახელებაა იარაღის იმ უამრავი სისტემებიდან, რასაც აშშ უკრაინას აწვდიდა. ამერიკული იარაღი ძალიან დაეხმარა უკრაინას. სწორედ მათ გამო ვერ შეძლო რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის დამხობა ომის სამი წლის განმავლობაში.

მაგრამ ახლა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა იარაღის მიწოდება ვაჭრობის საგანი გახადოს, უკრაინაზე ზეწოლის მოსახდენად.

ტრამპმა უკვე გაანაწყენა უკრაინელები, როცა მათ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა, როცა მან კიეველი დიპლომატები ერ-რიადის მოლაპარაკებაზე არ მიიწვია და როცა უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

თუ იარაღის მიწოდებაში პაუზა გაჭიანურდება, შეიძლება სერიოზულად გართულდეს უკრაინის ჯარების ბრძოლის ველზე მოქმედება და, შესაბამისად, შესუსტდება ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციები ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე.

ამერიკული რაკეტები ისევე აუცილებელი იყო უკრაინისათვის, როგორც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე „აბრამსის“ ტანკები. მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გაგზავნა უკრაინაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „პეტრიოტი“, შორი მოქმედების რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად. „პეტრიოტის“ მიერ გაშვებული ყოველი რაკეტა სამი მილიონი დოლარი ღირს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე გადასცა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები „ფალკონები“ (F-16-ები), რომლებსაც კიევი ვაშინგტონს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა. რუსული ავიაცია უკრაინის ცაზე ვეღარ ბატონობს.

უკრაინის არმია სარგებლობს ATACMS-ების ამერიკული სარაკეტო კომპლექსებით, HIMARS-ის ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებით და M777 ტიპის ჰაუბიცით, რომელსაც ძლიერი დამანგრეველი ეფექტი აქვს.

აშშ-ის კონგრესს მიღებული აქვს კანონი უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების შესახებ, რომელიც ნებას აძლევს მთავრობას 175 მილიარდი დოლარი დახარჯოს კიევის მხარდასაჭერად. კილის (გერმანია) კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ვაშინგტონმა უკრაინას გადასცა დაახლოებით 110 მილიარდი დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრი დონალდ ტრამპისეულ 350 მილიარდზე ნაკლებია, მაინც შთამბეჭდავია და უკრაინისათვის გაწეულ დახმარებაში ყველაზე მსხვილ თანხად ითვლება.

ამერიკისა და ევროპის დახმარების წყალობით უკრაინამ შეძლო რუსეთის ჯარების სწრაფი წინსვლა შეენელებინა და ბოლოს შეეჩერებინა, მაგრამ დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა რუსეთის არმიის უკანდასახევად და კრემლის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების (ყირიმი, დონბასი) გასათავისუფლებლად. თუმცა შენარჩუნდა უკრაინის დამოუკიდებლობა.

თუ ასეთი ჩიხური სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება, უკრაინა, ალბათ, ბრძოლის ველზე რუსების შემოტევებს ვეღარ შეაჩერებს, რაც კრემლის პოზიციებს გააძლიერებს სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ.

წყარო