„დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების გეგმა შეიძლება უკრაინისათვის კატასტროფული მარცხის თავიდან აცილების ერთადერთი შანსი გახდეს“, – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია სემუელ რამანი, პოლიტიკური მიმომხილველი. „ზელენსკისათვის ტერიტორიების გაცვლა-დათმობა, რა თქმა უნდა, მწარე აბის მსგავსია, მაგრამ ალტერნატივა უფრო უარესია“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა გამოავლინა ის მძიმე არჩევანი, რომლის წინაშეც უკრაინა დგას: დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, კიევს მშვიდობის მიღწევის ისეთ გზას სთავაზობს, რომელიც უკრაინისაგან დონბასის დათმობას ითვალისწინებს, სამაგიეროდ კი ქვეყანა დასავლელი მოკავშირეებისაგან უსაფრთხოების განსაზღვრულ გარანტიებს მიიღებს. ფაქტიურად ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა დაიჯეროს რუსეთის დაპირება – თითქოსდა კრემლი თავს შეიკავებს შეტევისაგან, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
თუ უკრაინა ამ გეგმას დაეთანხმება, ის სუვერენულ ქვეყნად დარჩება, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ მომენტში მაინც. მაგრამ იმავდროულად ტერიტორიების დატოვება აღქმული იქნება ისე, რომ ომში დაღუპული გმირების მსხვერპლი გაუფასურდა. გარდა ამისა, იზრდება რისკები ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, რომელიც, ალბათ, პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს ომისშემდგომ არჩევნებში (იმის გათვალისწინებითაც, იქნება თუ არა ტერიტორიის დატოვება კანონიერი და კონსტიტუციის შესაბამისი).
თუ უკრაინა დონალდ ტრამპის შეთავაზებულ გეგმას უარყოფს, მაშინ კიევი იძულებული გახდება მოსკოვთან ბრძოლა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გააგრძელოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელი კოლეგის დადანაშაულებას გადაწყვეტს მოლაპარაკების ჩაშლაში. ასეთ სიტუაციაში უკრაინას სრული კაპიტულაციის საფრთხე ემუქრება, რადგან რუსეთი უპირატესობას ფლობს ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკაში.
ვოლოდიმირ ზელენსკის ბევრი მიზეზი აქვს, რომ დონალდ ტრამპის სამშვიდობო წინადადებას ეჭვის თვალით შეხედოს. მან რომ დონალდ ტრამპის შეთავაზება დაიჯეროს, ამისათვის მოუწევს ენდოს ვლადიმერ პუტინის „დაპირებას“, რომ ის აღარ გააგრძელებს ტერიტორიულ ექსპანსიას უკრაინაში. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ასეთი „სავარაუდო დაპირება“ სრულიად ეწინააღმდეგება ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის მიერ გატარებულ პოლიტიკას.
1990-იან წლებშიც კი, როცა რუსეთი ეკონომიკურ კრიზისში და სოციალურ პროტესტებში იყო ჩაძირული, მაშინაც კი კრემლი ხელს უწყობდა შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნას და ხშირად თვითონ იყო ამის ინიციატორი მოლდოვაში (დნესტრისპირეთში) და საქართველოში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში). ამის შემდეგ, როცა ქვეყანას სათავეში ვლადიმერ პუტინი ჩაუდგა და ეკონომიკური წინსვლა დაიწყო (ექსპორტრირებულ გაზზე და ნავთობზე ფასების ზრდის გამო), რუსეთმა აგრესიული ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ (2008 წლის აგვისტოში) და უკანონოდ მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია (2014 წლის მარტში). იმ დროს, როცა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია ფართოვდებოდა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების გეგმებს ადგენდა და საზღვარზე ჯარებს თავს უყრიდა, საბოლოოდ კი, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.
ჯერ-ჯერობით არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა რუსეთის განდიდების მანიაკალურ ზრახვაზე, რომელიც მისი მეზობლების დამორჩილება-დაქვემდებარებას გულისხმობს. თავის სტატიაში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2021 წლის ივლისში გამოაქვეყნა, მან რუსები, უკრაინელები და ბელორუსები წარმოადგინა ერთ დიდ ხალხად, რომლებსაც საერთო ბედი და ისტორია აქვთ. ულტრანაციონალისტები, რომლებიც მის საკონსულტაციო ჯგუფში შედიან და სახელმწიფო მასმედია მთლიანად უჭერენ მხარს ევროპული უსაფრთხოების ესოდენ ბნელ ხედვას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინი პრაგმატულად შეცვლის ტაქტიკას, არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ცვლილება დიდ ხანს გაგრძელდება. დონალდ ტრამპის მოქმედება თავისი რუსი კოლეგის მიმართ უმეტესად ნდობის ფაქტორს ეფუძნება, ვლადიმერ პუტინი კი მუდმივად ცდილობს ამერიკელი კოლეგის შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას. იგი თითქოსდა აცხადებს საჰაერო დარტყმების შეწყვეტას, მაგრამ თვითონვე არღვევს თავის გადაწყვეტილებას. ასე მოხდა მაშინ, როცა თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპს ხვდებოდა: რუსეთმა სიტყვით პაუზა გამოაცხადა საჰაერო დაბომბვებში, მაგრამ რეალურად უკრაინის ქალაქებში განგაშის სირენები ირთვებოდა და მშვიდობიან მოსახლეობას თავზე რუსული დრონები და რაკეტები აცვივოდა.
იმედის ერთადერთი „გაელვება“ ისაა, რომ შეიძლება უკრაინის სტატუსი ევროპის უსაფრთხოების სიტემაში როგორღაც საბოლოოდ ნათელი გახდეს – უკრაინა არ იქნება ნატოს წევრი. ამ საკითხის საბოლოოდ დახურვამ შეიძლება კიევში ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ აშკარაა, რომ აშშ-სა და ევროპის ლიდერები ამაში საბოლოო კონსენსუსამდე მივიდნენ – ისინი აღარ დაასახელებენ უკრაინის კანდიდატურას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მიზნით.
და მაინც, ნატოში არგაწევრიანების მიუხედავად, უკრაინის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მიღება – ისეთისა, რომელიც თითქმის შეესაბამება ალიანსის მე-5 პუნქტს – მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ბევრი უსიამოვნო ფაქტის გახსენება შეიძლება დასავლეთის მოქმედებაში: როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთთან ომის ადრეულ ეტაპზე, რუსული თვითმფრინავებისათვის ფრენისათვის აკრძალული ზონების შექმნა მოითხოვა, მოსკოვთან ასეთ კონფრონტაციაზე წასვლის მზადყოფნა მხოლოდ ბალტიისპირა სახელმწიფოებმა და პოლონეთმა გამოხატეს. გარდა ამისა, დასავლეთი თავს იკავებდა უკრაინისათვის ისეთი იარაღის მიწოდებაზე, რომელიც შორს მანძილზე მოქმედებდა და რუსეთის ღრმა ზურგში არსებული სამხედრო ობიექტების პარალიზებისთვის იქნებოდა გამოყენებული.
თუმცა ერთი რამ აშკარაა: დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიები მოწმობს, რომ უკრაინას და ევროპას არ ეშინიათ კრემლის ბირთვული ბლეფისა და მზად არიან უკრაინის სუვერენიტეტი უფრო მეტი დონით დაიცვან, ვიდრე ადრე იყო. ამასთან, ტრამპის გეგმა პუტინს ყველაფერს არ აძლევს, რაც მას სურს. უფრო მეტიც – გეგმის ზოგიერთი საკვანძო ასპექტი რუს დიქტატორს სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის. მაგალითად, რუსეთს, ალბათ, მოუწევს უარი თქვას თავის სურვილზე მთლიანად გააკონტროლოს უკრაინის რეგიონები – დონბასი და ხერსონ-ზაპოროჟიეს ოლქები – ყოველ შემთხვევაში, ამ მოცემულ მომენტში.
რას მიიღებს რუსეთი ამ ომის დასრულებით? იმას, რომ ფინეთი, რომელიც ომამდე ნატოს წევრი არ იყო, ახლა რუსეთისათვის, ახლო პარტნიორის ნაცვლად, თითქმის მტერი გახდა. გარდა ამისა, უკრაინაში ახლა უფრო ფართოდ არის შესული დასავლური სამხედრო ინფრასტრუქტურა, ვიდრე ომამდე იყო. ანუ გამოდის, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომით თავის საზღვრებთან ნატოს არსებობა უფრო განამტკიცა, რაც რუსეთის გლობალური სტატუსის შემცირებისა და მისი ავტორიტეტის უდაო დამცირების სიმბოლოს წარმოადგენს.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო შეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მწარე აბი გახდება, მაგრამ იმავდროულად ის შეიძლება ერთადერთი შანსი იყოს კატასტროფული მარცხის თავიდან ასაცილებლად.
მოამზადა სიმონ კილაძემ