“დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა თეთრ სახლში ევროპისათვის ქაოსს და მუქარას ნიშნავს”-The Guardian

42
spot_img

„დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების პერსპექტივა ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებში ობიექტურ მღელვარებას იწვევს“, – წერს ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) პოლიტიკური მიმომხილველი ნატალი ტოჩი სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის მეორედ მოსვლა თეთრ სახლში ევროპისათვის ქაოსს და მუქარას ნიშნავს. ახლა შანსი უნდა გამოვიყენოთ და მისი პრეზიდენტობისათვის მოვემზადოთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დონალდ ტრამპის წარმატებული წინსვლის კვალობაზე, საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებში ნერვიულობა მატულობს – ვაითუ იგი ისევ დაბრუნდეს ოვალურ კაბინეტშიო. აშკარად ჩანს, რომ 2024 წლის ნოემბერში 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფინალი განმეორდება – „ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ“. შესაბამისად, ევროპისათვის აუცილებელია დონალდ ტრამპის მეორე პრეზიდენტობისთვის მოემზადოს.

საერთოდ, წინა წლებშიც ბევრი რამ ხდებოდა ისეთი, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის განხეთქილებას იწვევდა, მაგალითად, ერაყში 2003 წელს დაწყებული ომი, როცა აშშ-სა და სხვა ნატოელ წევრებს შორის განხეთქილება უფრო ღრმა იყო – ომის წარმოების მომენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ იყო პოლიტიკური განხეთქილება.

დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობა კი ევროპისათვის ტრავმირებად მოვლენას წარმოადგენდა სწორედ პოლიტიკური საფუძვლის გამო: იგი იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ევროპას ოჯახის წევრივით არ უყურებდა, ანუ არ ჰქონდა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ოჯახის უფროსს უნდა ჰქონდეს ყოველი წევრის მიმართ – მფარველობდეს, ზრუნავდეს, ეხმარებოდეს… დონალდ ტრამპი აშკარად უფრო კარგად გრძნობდა თავს ისეთ ავტორიტარებთან, როგორებიცაა სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი, ვიდრე ევროპის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერებთან.

დონალდ ტრამპის ანტიპათია ევროპის მიმართ არ შეცვლილა. მისი მმართველობის მეორე ვადაში ცუდი პოლიტიკური განწყობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაძლიერდება და დიდ პოლიტიკურ განხეთქილებას გამოიწვევს. თუ პირველი ვადით მისი პრეზიდენტობის პერიოდი შიდა არასტაბილურობით გამოირჩეოდა – ხშირი იყო საკადრო ცვლილებები, იმპიჩმენტის მოთხოვნები და მცდელობები, მეორე ვადაში დონალდ ტრამპის მმართველობა, სავარაუდოდ, უფრო თანმიმდევრული და უფრო გაბედული იქნება.

ამჯერად დონალდ ტრამპი მხოლოდ უსიამოვნო ტვიტების წერას არ დაიწყებს, როგორც ამას ადრე აკეთებდა. მას მრავალჯერ უთქვამს, რომ უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს და თუ ვლადიმერ პუტინი შეატყობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მართლაც იმას აკეთებს, რასაც ამბობს, მაშინ კრემლი გათამამდება და ნატოსაც დაემუქრება.

დონალდ ტრამპის მეორედ არჩევა პრეზიდენტად ამერიკული დემოკრატიის დარღვევა იქნება, თანაც, ალბათ, ფატალურად. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპს ბევრი ბრალდება აქვს წარდგენილი, თუ იგი ოვალურ კაბინეტში დაბრუნდება, შეტევას დაიწყებს აშშ-ის მართლმსაჯულებისა და სამართალდამცველ ორგანოებზე, უპირველესად კი სასამართლოსა და პროკურატურის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპს შეუძლია 21-ე საუკუნეში მე-20 საუკუნის მაკარტიზმი გაიმეოროს. იგი შეეცდება გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციასაც.

მოკლედ, დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა ტრამპის პრეზიდენტობისათვის კარგად უნდა მოემზადოს, რათა თავიდან აიცილოს, ნაწილობრივ მაინც, არასასურველი მოვლენები.

წყარო: