“დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ: როგორ შეიცვალა აშშ-ის ტონი უკრაინასთან დაკავშირებით” -Financial Times

2
spot_img

“დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ: როგორ შეიცვალა აშშ-ის ტონი უკრაინასთან დაკავშირებით” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორები არიან ქრისტოფერ მილერი, ჰენრი ფოი და მაქს სედონი. „მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთს აკრიტიკებს, ეს სულაც არ ნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტის „პროკიევურ“ პოზიციას. ამერიკას ჯერ არ აქვს მკვეთრად გადაწყვეტილი, რომ რუსეთს საბოლოოდ ზურგს შეაქცევს და უკრაინას დაეხმარება. დონალდ ტრამპი ძველებურად თვლის ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებაში პარტნიორად, ვოლოდიმირ ზელენსკის კი დაბრკოლებად“, – აღნიშნავენ ჟურნალისტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ კიევს დამატებით იარაღს მიაწვდის, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო დანადგარს „პეტრიოტს“ (Patriot), რამდენიმე ერთეულის სახით. ამერიკელმა ლიდერმა ღიად გააკრიტიკა თავისი რუსი კოლეგა და არაორაზროვნად მიანიშნა, რომ მზად არის მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრებისათვის. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი მნიშვნელოვანი განცხადებით გამოვა უკრაინაში საომარი მოქმედებების თაობაზე, თუმცა რაიმე დეტალები და წვრილმანები არ გაუმჟღავნებია. „გულწრფელად რომ გითხრათ, პუტინი ჩვენ ბევრ სისულელეს გვეუბნება… საუბრის დროს თითქოსდა კეთილია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მისი ნათქვამი უაზრობაა“, – უთხრა დონალდ ტრამპმა მასმედიის წარმომადგენლებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ძალზე უკმაყოფილო ტონი პირდაპირ მომწონს იმას, თუ როგორ იცვლება თეთრი სახლის რიტორიკა. თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველ თვეებში ამერიკელი ლიდერი საომარი მოქმედებების გაგრძელებაში მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებდა, რაც ყველგან და ყოველი მხრიდან ჟღერდა – თვით თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდანაც კი.

მაგრამ, როგორც ნათქვამია, „დრონი იცვალნენ“: თებერვალში თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთის მხრიდან გამოვლენილი ჯიუტობის გამო დონალდ ტრამპის უკმაყოფილება ბევრად გაიზარდა. იგი ახლა თავის განცხადებებში აქცენტს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აკეთებს.

ამასთან, იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპის მრისხანება თავისი რუსი კოლეგის მიმართ ზოგიერთებს იმედს უნერგავს, რომ თეთრი სახლი ახლა უკვე მხარს ნამდვილად უკრაინას დაუჭერს, ასეთი პოზიტიური დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. ამგვარი რიტორიკა ჯერჯერობით კარდინალურად არ ცვლის ოფიციალური ვაშინგტონის მიდგომას კიევის მიმართ.

„რუსეთისა და პუტინისათვის ეს დარტყმას ნიშნავს: იმიტომ, რომ აშკარაა – ტრამპს მოთმინების ფიალა აევსო“, – განმარტავს მაქს ბერგმანი, ვაშინგტონის სტრატეგიული კვლევების ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, – თუმცა არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ აშშ უახლოეს ხანში უკრაინის ერთგულ მოკავშირედ გადაიქცევა და ყველანაირ იარაღს მიაყრის“.

ამასთან ნიუ-გემპშირელ სენატორს ჯინ შიჰანს, რომელიც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მთავარი დემოკრატი წევრია, დიდი იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინას სწრაფად გადასცემს აღთქმულ „პეტრიოტებს“. „ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პრეზიდენტი თავისი სიტყვის პატრონი იქნება და მისი განცხადება რეალურ და კონკრეტულ მოქმედებად გადაიქცევა“.

იმედმოცემულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც: „ჩვენ უმაღლესი დონის პოლიტიკური სიგნალები მივიღეთ – თანაც ძალიან კარგი – ჩვენი მეგობრებისაგან, მათ შორის აშშ-დან და ევროპიდან“, – თქვა მან შაბათის მიმართვის დროს უკრაინელი ხალხისადმი.

უკრაინის დრონების 429-ე ავიაპოლკ „აქილევსის“ მეთაურის იური ფედორენკოს თქმით, დონალდ ტრამპის რიტორიკის შეცვლა „უკრაინის არმიისათვის პოზიტიურ და სასარგებლო როლს ასრულებს“. „ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება დაძაბულობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის, რაც კიევისათვის ძალიან კარგ სიტუაციას ნიშნავს“, – უთხრა მან „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებს.

დონალდ ტრამპის რიტორიკამ ევროპელებში გარკვეული იმედები გააჩინა აშშ-ის საგარეოპოლიტიკური კურსის ცვლილების თაობაზე, თუმცა, როგორც ევროკავშირის ორი მაღალჩინოსანი ამბობს (ისინი ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ) „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში, ჯერჯერობით რეალურ ცვლილებებზე ლაპარაკი ადრეა. „ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავინახეთ ის მომენტები, რომლებიც თეთრ სახლში „პროკიევური“ პოზიციის გაჩენაზე მიუთითებდეს“, – განაცხადეს მათ.

თუ ზემოთ დასახელებულ მაღალჩინოსანთა კონფიდენციალურ ნათქვამს დავუჯერებთ, უკრაინის დასავლეთევროპელი მოკავშირეებიც ძველებურად ვარაუდობენ იმას, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს თავის მთავარ პარტნიორად განიხილავს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისაკენ მიმართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, იგი, თავის მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაციის აზრით, ისევ ინარჩუნებს სამშვიდობო მოლაპარაკების მთავარი ხელშემშლელის არაოფიციალურ ტიტულს.

ევროჩინოვნიკებმა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, რომ რა თქმა უნდა, „პეტრიოტის“ სარაკეტო კომპლექსებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ისინი მშვიდობიან ქალაქებს იცავენ, მაგრამ მათი ქონა თუ არქონა არანაირ გავლენას არ ახდენს უკრაინის არმიის საომარი მოქმედების სასარგებლოდ სახმელეთო ფრონტის ხაზზე.
ატლანტიკური საბჭოს ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რეიჩელ რიცოს კომენტარის თანახმად, „დონალდ ტრამპის ამასწინანდელი განცხადებები, ალბათ, უფრო მეტად მისი პირადი იმედგაცრუებაა ვლადიმერ პუტინის მიმართ, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკისაკენ გადახრა და უკრაინისადმი მხარდაჭერა.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გარკვეულ და აშკარა წარმატებას მიაღწია დონალდ ტრამპის თვალსაზრისის შეცვლაში. ოვალურ კაბინეტში მომხდარი ცნობილი ინციდენტის შემდეგ ბრიტანელმა პრემიერმა კირ სტარმერმა და ფრანგმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ურჩიეს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ აუცილებელი იყო მისი მიდგომების კორექტირება აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ. მათ დაარიგეს უკრაინელი ლიდერი, რომ ნებისმიერი საჯარო გამოსვლის დროს ქება-დიდება მიეძღვნა დონალდ ტრამპისათვის, კიევის მხარდაჭერის აღსანიშნავად.

ვოლოდიმირ ზელენსკის თითქმის ყოველდღიურად უწევს საქმე ჰქონდეს აშშ-ის ადმინისტრაციასთან, სადაც საკმაოდ ღრმა სკეპტიციზმი არსებობს კიევისადმი დახმარების გაწევის საკითხში. ამერიკელი ოფიციალური პირების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ვაშინგტონმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს არა ევროპის, არამედ აზიის ქვეყნებთან პარტნიორობას. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ-მა საერთოდ უარი უნდა განაცხადოს რუსეთ-უკრაინის ომში რაიმე სახით ჩარევაზე.

ჯინ შაჰინი კი კატეგორიულია: „ამჟამად ჩვენ ვხედავთ დღევანდელი ადმინისტრაციის არათანამიმდევრულობას უკრაინის საკითხებისადმი მიდგომაში. ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, არის ის, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ომი და გავაგრძელოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე“. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც აგრძელებს რუსეთისადმი ზეწოლას, მათ შორის დიპლომატიურადაც – სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტის დროს მალაიზიაში შეხვდა, თუმცა უშედეგოდ – რაიმე არსებითი „გარღვევა“ არ მომხდარა. რუსმა მინისტრმა დაადასტურა პოზიცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის ჩამოყალიბებული.

„დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მომენტიდან ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება მხოლოდ საკუთარი პირობებით აინტერესებს. კრემლი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ომში აუცილებლად გაიმარჯვებს“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის ევრაზიული ცენტრის დირექტორი ბერლინში, – „ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან გარიგების დადებას აზრი არ აქვს, რადგან დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ისედაც სუსტდება. ვნახოთ, როგორ იქნება სიტუაცია ბრძოლის ველზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: