“დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანია, მაგრამ მისი ტონალობა მაინც შემობრუნებას მოწმობს”-The Daily Telegraph

11
spot_img

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ეხმაურება დონალდ ტრამპის 14 ივლისის განცხადებას, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულს და აქვეყნებს სტატია-კომენტარს სათაურით: „დონალდ ტრამპის განცხადება უკრაინისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე ბუნდოვანია, მაგრამ მისი ტონალობა მაინც შემობრუნებას მოწმობს“ (ავტორი – დენ საბაჰი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ის, ვისაც რაიმე კონკრეტული და ფართო ინფორმაციის მოსმენა სურდა დონალდ ტრამპის მიერ ნატოს გენმდივანთან მარკ რიუტესთან საუბრის დროს გაკეთებულ ანტირუსულ განცხადებაში, გაწბილებული დარჩა: პრეზიდენტმა ბუნდოვნად თქვა, რომ უკრაინას იარაღს მიაწოდებდა, მაგრამ არაპირადაპირი გზით, მხოლოდ ნატოს მეშვეობით, იარაღის ფულს კი ამერიკას ალიანსის სხვა წევრები გადაუხდიან.

არანაირი კონკრეტული თანხა პრეზიდენტს არ დაუსახელებია, რაც აძნელებს იმის შეფასებას, თუ რამდენად არსებითი აღმოჩნდება კიევისათვის შეთავაზებული იარაღის რაოდენობა. ასევე არ არის დაკონკრეტებული საბრძოლო მასალებიც. მართალია, დონალდ ტრამპმა „პეტროოტები“ ახსენა, მარკ რიუტემ კი დაამატა – რაკეტები და ჭურვებიო, მაგრამ მათი დასახელება მაინც გაურკვეველია.

ძნელია იმის ზუსტად თქმა, რა რაოდენობის იარაღის მიწოდება მოახდენს გავლენას ვლადიმერ პუტინზე, რომ იგი იძულებული გახდეს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდეს. უხეშად თუ ვიტყვით, ალბათ, პაკეტი მინიმუმ 10 მილიარდის დოლარის მაინც უნდა იყოს. გავიხსენოთ, რომ ტრამპის წინამორბედმა ჯო ბაიდენმა სამი წლის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ იარაღი 67 მილიარდი დოლარის გაუგზავნა. გარდა ამისა, დახმარების გაწევის სქემა, ადრინდელთან შედარებით, ახლა საკმაოდ რთული იქნება – უკრაინისათვის განკუთვნილ იარაღს აშშ ჯერ მიაწოდებს თავის ნატოელ მოკავშირეებს, ისინი ფულს ამერიკას გადაუხდიან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კიევი იარაღს.

ერთადერთი კონკრეტული საფრთხე-მუქარა დონალდ ტრამპის განცხადებაში მხოლოდ ისაა, რომ მან თქვა – რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან საბაჟო ტარიფებს დაუწესებს, თუ ისინი რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ტრამპის სატარიფო პოლიტიკის აბდაუბდას თუ გავიხსენებთ, შეუძლებელია იმის გაგება, რა მოხდება, თუ რუსეთი 50 დღეში აშშ-ის მოთხოვნას არ შეასრულებს და ზავზე არ დათანხმდება.

მოკლედ, პრეზიდენტის ნათქვამში გარკვეული ბუნდოვანება მართლაც არის. ბევრმა, ვინც ყურადღებით უყურებდა დონალდ ტრამპს, ალბათ, ერთი მომენტიც შეამჩნია: პრეზიდენტი კი ამბობდა, რომ „ძალიან უკმაყოფილო ვარ რუსეთითო“, მაგრამ მის ხმაში ვლადიმერ პუტინის მიმართ ბრაზი არ შეინიშნებოდა.

თუმცა ცდუნებას არ აჰყვეთ: დონალდ ტრამპის განცხადება მართლაც მნიშვნელოვანია და მისი რუსი კოლეგის გაღიზიანებას აუცილებლად გამოიწვევს.
დონალდ ტრამპს განწყობა თანდათან ეცვლება: თუ ადრე იგი ვლადიმერ პუტინს პატივისცემით, მეგობრულად მოიხსენიებდა ხოლმე და ყოველთვის აცხადებდა, მისი რუსი კოლეგა სიტყვის პატრონია, ახლა მივიდა დასკვნამდე, რომ პუტინი მშვიდობის დამყარებაზე სერიოზულად არ ფიქრობს.

შეიძლება ითქვას, რომ დონალდ ტრამპის ცოლი მელანია უფრო მეტად ლობისტობს უკრაინის სასარგებლოდ, ვიდრე თვითონ პრეზიდენტი. აი, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი ამბავი: „სახლში რომ მივედი, პირველ ლედის ვუთხარი – „დღეს ვლადიმერ პუტინს ვესაუბრე და ჩვენ ძალიან კარგი ლაპარაკი გვქონდა“. ცოლი მეუბნება: „მართლა? მე კი ვნახე, როგორ დაბომბა პუტინმა კიდევ ერთი უკრაინული ქალაქი“.

დონალდ ტრამპის თქმით, მას ოთხჯერ ეჩვენებოდა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ როცა ყოველი სატელეფონო საუბრის დროს დაუყოვნებლივ იბომბებოდა უკრაინის ქალაქები, იგი იძულებული გახდა თავისი პოზიცია შეეცვალა.

რასაკვირველია, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისათვის ეს ძალიან სასარგებლო მომენტს წარმოადგენს. მას ამ ეტაპზე ძალიან გაუმართლა. ხომ გვახსოვს, როგორ გამოაგდეს იგი თეთრი სახლიდან რამდენიმე თვის წინ და რა მოჰყვა სკანდალს? ცხადია, ზელენსკიმ ჭკუას მოუხმო, ფრთხილი მოქმედება დაიწყო, ოვალურ კაბინეტში სკანდალის შემდეგ ზედმეტი აღარაფერი არ უთქვამს და იმედი გამოხატა, რომ დონალდ ტრამპი თანდათან მიხვდება, რომ ვლადიმერ პუტინი გულწრფელი არ არისო. აშშ-ის პრეზიდენტი ბოლო დღეებში მართლაც მივიდა ამ დასკვნამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კრემლის იძულება მშვიდობაზე შეიძლება არ მოხერხდეს, ტრამპის ტონის ცვლილება და ევროპის მზადყოფნა ფული გადაიხადოს აშშ-ის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილ იარაღში იმას მიუთითებს, რომ კიევის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ძველებურად მზად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლს დაეხმაროს და გადაარჩინოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: