დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინ “გენდერის” ნაცვლად, ტერმინი “სქესი” იქნება გამოყენებული

7
spot_img

სქესზე დაფუძნებული განსხვავებების ადმინისტრირების ან აღსრულებისას, ყველა სააგენტო და ყველა ფედერალური თანამშრომელი, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სააგენტოს სახელით ოფიციალურად, გამოიყენებენ ტერმინს „სქესი“ და არა „გენდერი“ ყველა მოქმედ ფედერალურ პოლიტიკასა და დოკუმენტში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღმასრულებელ ბრძანებაში, რომლის სახელწოდებაა „ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიის ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური სიმართლის აღდგენა ფედერალურ მთავრობაში“, აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქალთა უფლებებს და ცნობიერების თავისუფლებას დაიცავს მკაფიო, ზუსტი ენითა და პოლიტიკით, რომლის მიხედვითაც, ქალები ბიოლოგიურად მდედრობითი, ხოლო კაცები ბიოლოგიურად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან.

აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტერმინი „გენდერული იდენტობა“ სუბიექტურ განცდას ასახავს, რაც ცრუ აღქმის შექმნის საშუალებას იძლევა. დოკუმენტის მიხედვით, გენდერული იდეოლოგია შინაგანად წინააღმდეგობრივია და ასევე არ იძლევა იდენტიფიკაციის მნიშვნელოვან საფუძველს.

დოკუმენტის თანახმად, „გენდერული იდეოლოგია“ ცვლის სქესის ბიოლოგიურ კატეგორიას თვითშეფასებული გენდერული იდენტობის მუდმივად ცვალებადი კონცეფციით, რაც იძლევა ცრუ აღქმის შექმნის შესაძლებლობას, რომ მამაკაცებს შეუძლიათ, თავიანთი თავის ქალად იდენტიფიცირებით გახდნენ ქალები და პირიქით. ის ასევე მოითხოვს საზოგადოების ყველა ინსტიტუტისგან ცრუ აღქმების ჭეშმარიტებად მიღებას. გენდერული იდეოლოგია მოიცავს აზრს, რომ არსებობს გენდერების ფართო სპექტრი, რომელიც არ არის დაკავშირებული ადამიანის სქესთან: გენდერული იდეოლოგია შინაგანად წინააღმდეგობრივია, რადგან ის ამცირებს სქესს, როგორც იდენტიფიცირებად ან სასარგებლო კატეგორიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამტკიცებს, რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს არასწორი სქესის სხეულში“.

როგორც აღმასრულებელ განკარგულებაშია ნათქვამი, „გენდერული იდენტობა“ ასახავს საკუთარი თავის სრულიად შინაგან და სუბიექტურ განცდას, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიოლოგიურ რეალობასთან და სქესთან, რაც არ იძლევა იდენტიფიკაციის მნიშვნელოვან საფუძველს და არ შეიძლება იყოს აღიარებული სქესის შემცვლელად.