დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც უკანონო მიგრანტებს „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს

3
spot_img

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წარადგინა ახალი აპლიკაცია, რომელიც აშშ-ში უკანონოდ მყოფ მიგრანტებს, დაკავებისა და დეპორტაციის ნაცვლად, „თვითდეპორტაციის“ საშუალებას მისცემს.

აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სააგენტოს აპლიკაცია CBP Home შესთავაზებს ადამიანებს არჩევანს, რომ გამოხატონ „წასვლის განზრახვა“.

„CBP Home აპლიკაცია უცხოელებს აძლევს შესაძლებლობას, წავიდნენ ახლავე და თვითდეპორტირდნენ, რათა შეინარჩუნონ შესაძლებლობა, მომავალში ლეგალურად დაბრუნდნენ და იცხოვრონ ამერიკული ოცნებით. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ვიპოვით მათ და ისინი ვეღარასდროს დაბრუნდებიან აშშ-ში“, – განაცხადა აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა.

CBP Home შეცვლის აპლიკაციას, რომელიც ცნობილი იყო როგორც CBP One და რომელიც ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აპლიკაცია მოიცავდა ფუნქციას, რომელიც საშუალებას აძლევდა მექსიკაში მყოფ დაახლოებით მილიონამდე მიგრანტს, დაეგეგმათ შეხვედრა, რათა მოეთხოვათ აშშ-ში ლეგალურად შესვლა. რესპუბლიკელებმა გააკრიტიკეს ბაიდენის პროგრამა, რადგან, მათი თქმით, ის ხელს უწყობდა მასობრივ მიგრაციას შეერთებულ შტატებში და არასათანადოდ ამოწმებდა მიგრანტებს. ტრამპმა CBP One თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში გააუქმა.