
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თამსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი უკრაინას მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ კიევი უარს აცხადებს ყირიმის რუსეთისათვის გადაცემაზე“ (ავტორები – ქრისტოფერ მილერი, ლიუსი ფიშერი და ბენ ჰოლი). „დონალდ ტრამპი დარწმუნებულია: უკრაინას ცუდად აქვს საქმე, ვოლოდიმირ ზელენსკის ხელში მომგებიანი კარტები არ აქვს, ამიტომ დათმობაზე უნდა წავიდეს და თუ ასე არ მოიქცევა, იგი ქვეყანას მთლიანად დაკარგავს“, – ასეთია პუბლიკაციის ძირითადი აზრი.
გთავაზობთ სტატიის ტექსტს მცირე შემოკლებით:
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, ყირიმის რუსეთის კუთვნილებად აღიარებაზე უარის გამო, მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იგი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკების საზიანოდ მოქმედებს.
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ თავის პოსტში უკრაინაში შექმნილი სიტუაცია შეაფასა როგორც „საშინელი“ და აღნიშნა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს და საბოლოო ჯამში ქვეყანა დაკარგოს“.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გარიგების დადებასთან, მაგრამ პიროვნებამ, რომელსაც „ხელში არავითარი მომგებიანი კარტი არ აქვს“, დროა საქმე ბოლომდე მიიყვანოს“,- დაამატა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ეს იყო დონალდ ტრამპის პასუხი სამშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკის ნათქვამზე, როცა მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას“, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიიერთა და რომელსაც, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის ტერიტორიად თვლის: „ყირიმის დათმობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება“.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს განცხადება „ძალიან საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის… და საერთოდ, ყირიმი უკრაინამ მრავალი წლის წინ დაკარგა. არ შეიძლება ეს საკითხი დღევანდელ სიტუაციაში განხილვის საგანი იყოს“.
იმავე დღეს დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ისევ თქვა, რომ იგი შეთანხმების დადებისათვის დაბრკოლებას წარმოადგენს: „მე ვთვლი, რომ რუსეთი მზად არის… ჩვენ მოლაპარაკებული ვართ რუსეთთან“, – განაცხადა მან, – ვვარაუდობდი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი [უკრაინის მდგომარეობიდან გამომდინარე] უფრო დამყოლი იქნებოდა… მაგრამ ჯერ-ჯერობით მასთან ლაპარაკი სულ უფრო რთულდება“.
დონალდ ტრამპის რემარკი ეს მას შემდეგ გაჟღერდა, როცა აშშ-მა კონფლიქტის მოგვარების წინადადებები წამოაყენა – იგულისხმება ვაშინგტონის მიერ ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება და უკრაინის იმ ოთხი ოლქის ფაქტობრივად რუსეთის კონტროლქვეშ დარჩენა, რომელიც რუსეთის არმიამ ომის დროს დაიკავა (დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები).
უფრო ადრე ჩვენი გაზეთი წერდა, რომ ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში სტივ უიტკოფთან საუბრისას მიანიშნა, რომ კრემლს შეუძლია ომი ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე შეაჩეროს და უფრო მეტიც, უარი თქვას ზემოთ ჩამოთვლილი უკრაინის ოთხი ოლქის ფართობის სრულ გაკონტროლებაზე (დღეისათვის რუსეთის არმია სრულად ვერ ფლობს ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ტერიტორიას, რომელთა გარკვეული ნაწილი კვლავ უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ რჩება).
თავის მხრივ, ინდოეთში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიმს ვენსმა, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას, აღნიშნა, რომ „ამერიკამ უკრაინას და რუსეთს არაორაზროვნად უთხრა: დროა თქვათ „ჰო“ და თუ არ იტყვით, მაშინ აშშ მოლაპარაკების პროცესს დატოვებს“.
„[უკრაინის] საზღვრები პლუს-მინუს ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორიც ამჟამად არის.. და საბოლოო ჯამში, ისინი კონფლიქტის მხარეებისათვის ახალ გამყოფ ხაზად გახდებიან“, – უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს, – ეს იმას ნიშნავს, რომ კიევს და მოსკოვს მოუწევთ უარი თქვან იმ ტერიტორიებზე, რომელთა დაკავება (ან დაბრუნება) მათ სურთ“.
დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის განცხადებები მას შემდეგ გაისმა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოულოდნელად უარი თქვა ლონდონში დაგეგმილ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში მონაწილეობაზე. მარკო რუბიოს ნაცვლად, შეხვედრაში აშშ-ის სპეც წარმომადგენელი კიტ კელოგი მონაწილეობდა, თუმცა სახელმწიფო მდივნის არყოფნის გამო, სამიტის სტატუსი დაქვეითდა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ლონდონის შეხვედრის კომენტირებისას, Telegram-ში დაწერა, რომ ემოციების მიუხედავად, ერთობლივი მუშაობა მტკიცე მშვიდობამდე მიგვიყვანს“, თუმცა იქვე კვლავ ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინა საკუთარი კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს“ (ანუ თავისი ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია) და „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ პარტნიორები, განსაკუთრებით აშშ, კიევის მტკიცე პოზიციას გაითვალისწინებენ“.
ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა, რომელიც გარკვეულია ლონდონში ჩატარებული შეხვედრის ნიუანსებში, თქვა, რომ დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში იზრდება შეშფოთება უკრაინის მიმართ აშშ-ის პოზიციის გამკაცრების გამო და შიშობენ, რომ „დონალდ ტრამპის მოთმინების დაკარგვა“ კიევისათვის სასარგებლო არ იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ლონდონი, პარიზი და ბერლინი ეძებენ ისეთ კომპრომისს, რომლის დროსაც უკრაინა იძულებული არ გახდებოდა დაერღვია თავისი „წითელი ხაზები“, მაგრამ იმავდროულად შესაძლებლობა ექნებოდა გარკვეულ ტერიტორიულ დათმობაზე წასულიყო.
სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო შერიგებოდა ყირიმისა და ოთხი ოლქის დაკარგვას, თუ უკრაინას უსაფრთხოების მტკიცე გარანტია ექნებოდა (თუ მას ნატოს წევრად ულაპარაკოდ მიიღებდნენ).
მაგრამ, როგორც მან ევროპის სახელმწიფოების მხარდაჭერა იგრძნო, ვოლოდიმირ ზელენსკი ნელ-ნელა გადაიხარა ტერიტორიული დათმობის უარყოფისაკენ და განაცხადა, რომ თუ იგი უკრაინის მიწა-წყალს დათმობდა, ამით მოსკოვის აგრესია უფრო წაქეზდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგად უკრაინის მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას, პარალელურად არსებობს აგრეთვე საკმაოდ ხისტი ოპოზიცია, რომლისთვისაც მიუღებელია ტერიტორიების გადაცემა რუსეთისათვის.
ევროპული ქვეყნების მთავრობები აცხადებენ, რომ ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარება დაარღვევს დღემდე არსებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც 1945 წლის შემდგომ არსებობს.
„თუ აშშ აღიარებს რუსეთისათვის ყირიმის დე-იურედ გადაცემას, მაშინ ეს რუსეთის წაქეზებას ნიშნავს ომის გასაგრძელებლად… და საერთოდ, ნებისმიერი აგრესორი გაიფიქრებს: „ოჰო, რა კარგია… ესე იგი, მეც შემიძლია იგივე გავაკეთო… ხოლო ვლადიმერ პუტინი კი იტყვის: „აი, ხომ ვამბობდი, რომ მე მართალი ვარ-მეთქი. ომი კარგი საქმეა“, – განაცხადა უკრაინელმა ჩინოვნიკმა.
მოამზადა სიმონ კილაძემ