დონალდ ტრამპი ფედერალურ მოხელეებს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ რვა თვის ხელფასს სთავაზობს

138
spot_img

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თითქმის ყველა ფედერალურ მოხელეს კომპენსაციის პაკეტი შესთავაზა, რაც ამერიკის მთავრობის შემცირებისა და რეფორმირების მიზნით გადადგმული მასშტაბური ნაბიჯია.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალურ მოხელეებს აცნობა, რომ მათ 6 თებერვლამდე უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა პროგრამაში მონაწილეობა. წერილის თანახმად, თუ ისინი დათანხმდებიან სამსახურის სექტემბრამდე დატოვებას, მაშინ მიიღებენ დაახლოებით რვა თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას.

როგორც „ბიბისი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაცია ელოდება, რომ ამ შეთავაზებას ფედერალური მოხელეების 10% დათანხმდება, რაც ფედერალურ მთავრობაში დასაქმებულ დაახლოებით 200,000-ს ადამიანს შეადგენს.

ტრამპის მაღალჩინოსნებმა ამერიკულ მედიას განუცხადეს, რომ კომპენსაციების პროგრამით მთავრობა 100 მილიარდ დოლარს დაზოგავს. შეთავაზება ეხება ყველა სრულ განაკვეთზე მომუშავე ფედერალურ თანამშრომელს, გარდა გარკვეული პერსონალისა, როგორებიც არიან საფოსტო მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები, საიმიგრაციო სამსახურების თანამშრომლები და ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი დანაყოფი. წერილში ასევე მოცემულია გაფრთხილება მომავალი შემცირების შესახებ.

„ჩვენ ვერ მოგცემთ სრულ გარანტიას თქვენი პოზიციის ან უწყების შესახებ, მაგრამ თუ თქვენი პოზიცია გაუქმდება, თქვენ მოგეპყრობიან ღირსეულად“, – ნათქვამია წერილში.

ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა სახელმწიფო მოხელეთა ამერიკული ფედერაციის პროფკავშირის ხელმძღვანელმა. ამერიკულ მედიასთან განცხადებაში მან აღნიშნა, რომ წმენდის პროცესს ექნება ფართო, გაუთვალისწინებელი შედეგები, რაც ქაოსს გამოიწვევს ამერიკელებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან მოქმედ ფედერალურ მთავრობაზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ დადო პირობა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ბიუროკრატიას და ფედერალური ხარჯებს შეამცირებდა. მან ილონ მასკს დაავალა საკონსულტაციო ორგანოს ხელმძღვანელობა, რომელიც ფოკუსირებულია რეგულაციების, ხარჯებისა და თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაზე ფედერალურ მთავრობაში.