“დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა”-The Daily Telegraph

58
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია ვრცელია ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი კრემლის მეგობარი არ იქნება: როგორც ჩანს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უფრო მეტად სურს რუსული ეკონომიკის მოხრჩობა, ვიდრე ჯო ბაიდენს უნდოდა“ (ავტორი – ემბროუზ ევანს-პრიტჩარდი, გაზეთის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჯო ბაიდენის მმართველობის ვადის დასრულებას ელოდება ევროპის გაწამებული ყოფის ფონზე, როგორც ჩანს, უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე დადგა: დონალდ ტრამპი სულ უფრო მეტად იკრებს ირგვლივ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პროუკრაინული პოზიციებით გამოირჩევიან.

ისე გამოდის, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენზე მეტად სურს რუსეთის ეკონომიკის დანგრევა იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ეს გახდის იძულებულს კრემლს დაეთანხმოს უკრაინასთან ზავს იმ პირობებით, რომელსაც ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გულისხმობს.

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლებს შორის ახალი იმედის ნაპერწკალი და ერთგვარი შვება იგრძნობა, თუმცა ოპტიმიზმამდე ჯერ კიდევ შორსაა. ამასთან, ევროპელ დიპლომატებს უკვე კითხვები უჩნდებათ – ბოლოს და ბოლოს, იქნებ არ არის დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა კარგი რუსეთთან მიმართებით? იქნებ დონალდ ტრამპი არაფერს არ უთმობს ვლადიმერ პუტინს?

„ახლა აბსოლუტურად ნათელია, რომ დონალდ ტრამპს არ აქვს განზრახული უკრაინის მიტოვება რუსეთთან მარტოდმარტო, კრემლთან პირისპირ“, – ამბობს პროფესორი ალან რაილი, ატლანტიკური საბჭოს რეგიონული ექსპერტი.

მრჩევლებმა, ისარგებლეს რა „სოკრატისეული მეთოდი“, დონალდ ტრამპი დაარწმუნეს იმაში, რომ აშშ-ის უკანდახევა უკრაინის საკითხში ძალიან ცუდი და სამარცხვინო იქნებოდა – იმაზე უარესი, ვიდრე ავღანეთიდან გამოქცევა ჯო ბაიდენის მმართველობის დროს და რომ ჩინეთთან დაპირისპირების ფრონტის ხაზი სწორედ დონბასზე გადის.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ძალიან სურს [დემოკრატებმა და თანაპარტიელებმა] იმაში დაადანაშაულონ, რომ მან უკრაინა რუსეთს ჩააბარა. ეს არ მოხდება“, – ამბობს ლეონ პანეტა, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი.

როგორც პროფესორი ალან რაილი აღნიშნავს, მართვადი კონფრონტაცია კრემლთან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე მშვენივრად მუშაობს: „დონალდ ტრამპს აღიზიანებს, როცა მას ვლადიმერ პუტინის პუდელად თვლიან. მას შეუძლია ბუზი სპილოდ აქციოს – ჯო ბაიდენი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულოს, უკრაინას კი აუცილებელი რაოდენობით იარაღი გაუგზავნოს. მას უკრაინელები გააღმერთებდნენ და კრეშჩატიკზე მის სადიდებლად აღლუმს მოაწყობდნენ“.

დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის ახალი დოქტრინაა „მშვიდობა იძულებით“, რომელიც რონალდ რეიგანის 1980-იანი წლების დოქტრინას ეყრდნობა, რომელიც  გამიზნული იყო საბჭოთა კავშირის გამოფიტვისათვის მანამ, სანამ მას ნავთობის ექსპორტით დაგროვილი ფული ეყოფოდა.

„პირველი რიგის ამოცანაა ვლადიმერ პუტინის იძულება, რომ იგი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, – ამბობს რობერტ ო’ბრაიენი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც დღესაც არჩეული პრეზიდენტისათვის სანდო პირს წარმოადგენს, – „ამჟამად კრემლს მოლაპარაკების სურვილი და სტიმული არ აქვს. პუტინი ფიქრობს, რომ ომს მოიგებს“.

„ყველაზე იოლი იქნება მისი მაგიდასთან დაჯდომა რაიმე ესკალაციის გარეშე მოხდეს, რომელმაც ჩვენ ბირთვული დარტყმებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ამისათვის კარგი იქნებოდა სანქციების გამკაცრება“, – აღნიშნავს რობერტ ო’ბრაიენი. იგი დონალდ ტრამპს ურჩევს, რომ სანქციები გამკაცრდეს რუსეთისათვის ყველაზე მომგებიან სფეროში – ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართ, განსაკუთრებით ინდოეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ენერგეტიკული ნედლეულის იმპორტს აგრძელებენ და ბლოკადას არღვევენ.

თითქმის ასევე ფიქრობს მარკო რუბიო, რომელიც დონალდ ტრამპს განზრახული ჰყავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშნოს. იგი ამბობს, რომ მოცემულ ეტაპზე საკვანძო საკითხი გამოიხატება იმით, თუ ვის ექნება გავლენის ბერკეტები მოლაპარაკების დროს: „ეს იქნება ვლადიმერ პუტინი თუ ვოლოდიმირ ზელენსკი? მე მინდა, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი ბერკეტები ჰქონდეს კრემლზე ზემოქმედებისათვის“, – თქვა მან.

ასევე ფიქრობს მაიკ უოლცი, ყოფილი „მწვანე ბერეტი“, რომელიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს. მისი მტკიცებით, ხანგრძლივი ომი, რომელიც უფრო დიდი მოწინააღმდეგის გამოფიტვაზეა გათვლილი, უკრაინისათვის მომგებიანი არ არის. ასეთ შემთხვევაში კიევი განწირული იქნება. „ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინის შეჩერება ამერიკის აბსოლუტურ ინტერესებშია. ამისათვის აუცილებელია უპირველესად რეალური ენერგეტიკული სანქციები დაწესდეს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ [დასავლეთმა] რაც შეიძლება მეტად უნდა დავწიოთ ნავთობის მსოფლიო ფასები, რომ კრემლმა ნაკლები შემოსავალი მიიღოს. რუსეთის ეკონომიკა და მისი სამხედრო მანქანა სწრაფად ჩამოიშლება“, – თქვა მან.

რასაკვირველია, ნავთობზე ფასების შესამცირებლად ამერიკას საუდის არაბეთის დახმარება დაჭირდება, რომელიც უკვე „დაიღალა კონკურენტების ნების შესრულებით და დღეში მხოლოდ 2 მილიონ ბარელს ნავთობს იღებს თავისი საბადოებიდან, ფასების დაცემის თავიდან აცილების მიზნით. როგორც აშშ-ის სტრატეგიულ წრეებში მსჯელობენ, ასეთ სიტუაციაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სალმან ას-საუდს მოუწევს  ვლადიმერ პუტინის გაწირვა და აშშ-სთან საუდიტების დინასტიის ისტორიული კავშირების აღდგენა.

მაგრამ შეუძლებელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როდის შეფერხდება და დაეცემა კეისიანიზმზე (ეკონომიკური თეორია, რომელიც ბრიტანელი ჯონ კეინსის მიერაა შემუშავებული) დამყარებული რუსეთის სამხედრო ეკონომიკა.

დღეისათვის უკვე ნათელია, რომ წიაღისეული საწვავის [ნავთობ-გაზის] ექსპორტი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. ომის ხარჯები ძალიან დიდია – საომარი მოქმედებები რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სულ უფრო მეტ წილს ითხოვს. 2022 წლის შუა ხანებიდან ნავთობ-გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლები რუსეთს დღეში 600 მილიონ დოლარამდე შეუმცირდა. გარდა ამისა, ამ სახის შემოსავალი კიდევ 5 მილიარდით შემცირდა ახლახან – მას შემდეგ, რაც უკრაინამ თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის ევროპისაკენ გატარება აკრძალა.

რუსეთის რეზერვი – ეროვნული კეთილდღეობის ფონდი – თითქმის მთლიანად დაიხარჯა: მასში მხოლოდ „სასაცილო“ თანხა – 33 მილიარდი დოლარია დარჩენილი. რუსეთს აკრძალული აქვს კაპიტალის მსოფლიო ბაზრებთან კონტაქტი. ჩინეთმა უარი განაცხადა სიტუაციაში ჩარევის მიზნით.

ბიულეტენ The Bell-ის რუსული ეკონომიკის ანალიტიკოსები თანდათან უფრო მკაფიოდ ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკა, როგორც იქნა, „კედელს მიადგა“ და პრობლემების გადაულახავი „სამეულის“ წინაშე აღმოჩნდა: „კრემლს მეტად აღარ შეუძლია აწარმოოს ომი უკრაინაში, დააფინანსოს სოციალურ-ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს ინფლაცია – რუბლის კურსი“, – აცხადებენ ექსპერტები.

გასული წლის აგვისტოში რუბლმა თავისი ღირებულების მესამედი დაკარგა. ნოემბერში მისი კურსი კიდევ უფრო დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-მა „გაზპრომბანკს“ – ერთადერთი მსხვილი ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც SWIFT-ის სისტემით სარგებლობა ჯერ კიდევ შეეძლო.

ამჯერად რუსეთი მთელი ძალისხმევით ცდილობს რაიმე გვერდისავლით გზა იპოვოს. ცენტრალურმა ბანკმა ვალუტის კურსზე კონტროლი დაკარგა. თვიური ინფლაცია წლიური გაანგარიშებით, 30%-ს აღწევს, რაც უკვე ძალიან ახლოს დგას ჰიპერინფლაციის პირველ სტადიასთან. საპროცენტო განაკვეთები (21%) ძალიან მაღალია – ასეთი სიტუაცია უკვე იწვევს საკრედიტო კრიზისს მცირე კომპანიებისათვის. მოსალოდნელია მათი მასობრივი ბანკროტობა (გაკოტრება).

ის, რომ რუსეთს თითქოსდა დაბალანსებული ბიუჯეტი აქვს, ეს ფიქციაა და მეტი არაფერი. მწვავე საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება ფარულად ხდება. ბანკები იძულებულნი არიან ფინანსურად უზრუნველყონ ის ნახევრად სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებსაც რუსული სამხედრო მანქანა ეყრდნობა. საბოლოოდ კი, ერთ დღეს რუსები დაინახავენ, რომ მათ ფული ისე დაკარგეს, როგორც ეს კომუნიზმის კრახის დროს მოხდა, 1990-იანი წლების დასაწყისში.

„ბოლო დროს რუსეთში სიტუაცია უფრო სწრაფად უარესდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი, აშშ-ის კარნეგის ფონდის რუსულ-ევრაზიული ცენტრის დირექტორი. მან დღევანდელი პერიოდი „საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებს“ შეადარა.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არასოდეს არ ყოფილა მზად რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვისათვის. მან მხოლოდ ის გაბედა, რომ ფასები მხოლოდ 60 დოლარამდე შეამცირა ერთ ბარელზე და ნაწილობრივი სანქციები შემოიღო რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერების მიმართ. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკელი ლიდერი დასავლეთზე ზრუნავდა – ნავთობის ფასების მომატება ხომ აშშ-სა და ევროპის მოსახლეობასაც დაარტყამდა… მაგრამ უმჯობესი იყო მას უფრო გაბედულად ემოქმედა.

ისარგებლებს თუ არა დონალდ ტრამპი „ჭინჭრით“? მისმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გადამდგარმა გენერალმა კიტ კელოგმა დაწერა სტატია, რომელშიც მან დაადასტურა რუსეთის წარმატებები და იქვე წარმოადგინა აშშ-ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ბევრმა „კრემლთან შეთანხმებულად“ ჩათვალა, თუმცა რუსეთმა მისი გეგმა პრინციპულად დაგმო და მიუღებლად ჩათვალა.

ვლადიმერ პუტინის მეგობარმა კონსტანტინე მალოფეევმა ამგვარი განცხადებები, რომ კიტ კელოგი მოსკოვთან თანამშრომლობსო, კატეგორიულად  უარყო და სასაცილოდ მიიჩნია: „კიტ კელოგს თავისი გეგმით მოსკოვში ჩამოსვლა სურდა, ჩვენ კი მას ვუთხარით, რომ ფეხი არ გადმოედგა ჩვენთან მოსასვლელად“, – თქვა მან.

რაც არ უნდა ჰქონოდა მხედველობაში გენერალ კიტ კელოგს, ფაქტია, რომ მას შემდეგ დონალდ ტრამპის პოზიცია გამყარდა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ მარა-ლოგოში (ფლორიდულ მამულში) გამართული ბრიფინგები ნებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს სხვას არაფერს არ დაუთმობს, გარდა უკრაინის იმ ტერიტორიისა, რაც რუსეთს ამჟამად აქვს ოკუპირებული და არ არის გამორიცხული, რომ უარს ეტყვის ვლადიმერ პუტინს ზაპოროჟიეს ოლქისა და ხერსონის ოლქის ჩრდილოეთი ნაწილის გადაცემაზეც. დონალდ ტრამპი, როგორც ჩანს, დათანხმდება ნატოს შეიარაღებული ძალების განლაგებაზე უკრაინის ტერიტორიაზე (ბრიტანული, ფრანგული და პოლონური არმიების ქვედანაყოფების სახით), რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 პუნქტით იმოქმედებენ.

ვლადიმერ პუტინი ვერ მიიღებს მთლიანი სახით მისი ჯარების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ოთხ ოლქს, ვერც დემილიტარიზებულ და ვერც ნეიტრალურ უკრაინას. კრემლი მიიღებს ძალიან ცოტას იმისათვის, რომ როგორმე გაამართლოს 400 ათასი რუსი ჯარისკაცის დანაკარგი, თავისი ეკონომიკის სერიოზული სტრუქტურული ზარალი და დაცემული რეპუტაცია მსოფლიოში. ვლადიმერ პუტინისათვის ყველაზე ძნელი აღმოჩნდება თავისი ავტორიტეტის აღდგენა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაში.

სიტუაცია ძალიან დაემსგავსება 1940 წლის „ზამთრის“ ომის შემდგომ ვითარებას, როცა ფინელები საბჭოთა კავშირთან ომის შედეგად იძულებულები გახდნენ იოსებ სტალინისათვის თავიანთი ტერიტორიის 11% დაეთმოთ, ქალაქ ვიბორგთან ერთად, მაგრამ მთელ მსოფლიოში დიდი სახელი მოიპოვეს, საბჭოთა კავშირის უზარმაზარ წითელ არმიასთან გმირული წინააღმდეგობის გაწევის გამო.

დიქტატორმა იოსებ სტალინმა განგებ შეამცირა თავისი ჯარების დანაკარგები და „ცარიელი“ გამარჯვებით დაკმაყოფილდა. ვლადიმერ პუტინს, როგორც ჩანს, ან ასევე მოუწევს დაეთანხმოს რაღაც უსახელო და ნაძრახ მიღწევა-გამარჯვებას, ან იგი ძალიან რისკავს, რომ დონალდ ტრამპი თავის დაუძინებელ მტრად გადააქციოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: