კამალა ჰარისმა მიიღო CNN-ის მოწვევა, მონაწილეობა მიიღოს დონალდ ტრამპთან მორიგ დებატში, 23 ოქტომბერს, – ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბმა განაცხადა.
„დონალდ ტრამპს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს დაეთანხმოს ამ დებატებს. ეს არის იგივე ფორმატი და წყობა, როგორც CNN-ის დებატები, რომელშიც ივნისში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ გაიმარჯვა და შეაქო CNN-ის მოდერატორები, წესები და რეიტინგები“, – განაცხადა ჰარისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ჯენ ო’მალი დილონმა.
”სიამოვნებით დავთანხმდები მეორე საპრეზიდენტო დებატებს 23 ოქტომბერს. დიდი იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი შემომიერთდება“, – დაწერა ჰარისმა მოგვიანებით X-ზე.
„რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰარისს განმეორებითი მატჩი სურს, რადგან ის აგებს.
„მან მონაწილეობა მიიღო ერთ დებატებში, მე – ორში. ძალიან გვიანია კიდევ ერთი, სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია“, – განაცხადა ტრამპმა.