
ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი აღიარებს: ანტირუსული მეორადი ფინანსური სანქციები კრემლზე ან იმოქმედებს, ან არა“ (ავტორი – ერიკ გრინი). შეშინდება თუ არა ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის მუქარით და დათანხმდება თუ არა ომის შეწყვეტის მოთხოვნას? კიდევ რა ბერკეტები აქვს თეთრ სახლს კრემლზე ზეწოლის მოსახდენად? – ასეთი კითხვებია დასმული პუბლიკაციაში, რომლებზეც ავტორი პასუხის გაცემას ცდილობს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული 10-დღიანი ულტიმატუმი რაიმე შედეგს მოიტანს: „მე არ ვიცი, მოახდენს თუ არა გავლენას ეს რუსეთზე, რომელიც სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს. შეიძლება იმომედოს, შეიძლება არ იმოქმედოს… მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევეცადოთ“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს.
იყო, დრო, როცა დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ დაურეკავდა ვლადიმერ პუტინს და მასთან კაცურად ისაუბრებდა – „როგორც მამაკაცი მამაკაცთან“. იგი ცდილობდა რუსეთ-უკრაინის ომის ისტორიის გადაწერას და უკრაინის პრეზიდენტის ბოროტმოქმედად წარმოჩენას… მაგრამ ახლა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგის მიმართ პოზიცია შეიცვალა, ჩნდება კითხვები, თუ რა ბერკეტები აქვს დარჩა შეერთებულ შტატებს რუსეთზე ზეწოლისათვის და განზრახული აქვს თუ არა დონალდ ტრამპს ამ ბერკეტებით სარგებლობა.
„საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დონალდ ტრამპი მხოლოდ ახლა აცნობიერებს იმას, რასაც ბევრი თავდაპირველად ხედავდა… პრობლემა ვოლოდიმირ ზელენსკიში არ არის და არც უკრაინაში. პრობლემა ვლადიმერ პუტინშია“, – ამბობს მეთიუ დასი, საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, – „აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი სრულიად იყო დარწმუნებული თავის უნარებსა და შესაძლებლობებში – „მე რომ გარიგების დადების ოსტატი ვარ, ამას პუტინთან ურთიერთობაშიც დავამტკიცებ“ – მაგრამ რეალობა მტკივნული აღმოჩნდა“.
ნაკლებადსავარაუდოა, რომ დონალდ ტრამპის ულტიმატუმი ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისს შეცვლის. რუსეთის ლიდერს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ განსაზღვრული ისტორიული მისია შეასრულოს – დააბრუნოს უკრაინა მოსკოვის კონტროლქვეშ.
რუსეთის არმია საზაფხულო შეტევას აგრძელებს. ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ მას ბრძოლის ველზე უპირატესობა აქვს. მართლაც, ეს რეალობაა: უკრაინის ცოცხალი ძალის რესურსები იფიტება, მოსკოვი კი ახალ წარმატებებს აღწევს.
რუსმა ტექნოკრატებმა ეკონომიკის მართვაშიც თავი გამოიჩინეს: ომის განმავლობაში მათ ისეთი ეკონომიკა შექმნეს, რომელიც დასავლურ ყოვლისმომცველ სანქციებს უკვე მეოთხე წელია წარმატებით უძლებს, ხოლო მოსკოვის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი გეგმავს, რომ ეკონომიკურ სწავლებაში ახალი ხარისხი შემოიღოს – მაგისტრი სანქციებიდან თავის არიდებაში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ძველებურად დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ექსპორტზე, რომელიც ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების ერთ მესამედს უზრუნველყოფს.
დონალდ ტრამპის მუქარა მეორადი ანტირუსული ბაჟები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ყიდვას აგრძელებენ – ჩინეთს, ინდოეთს, თურქეთს და სხვებს – აშშ-ის პრეზიდენტის გლობალური სავაჭრო ომის პოტენციურ ესკალაციას წარმოადგენს.
როგორც რუსი კომენტატორები აღნიშნავენ, პრობლემა ისაა, რომ თუ ჩამოთვლილი ქვეყნები რუსულ ნავთობს არ იყიდიან, ანუ თუ რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე არ იქნება, ისინი მათთვის აუცილებელ ენერგომატარებლებს (რომლის მოცულობა ძალიან დიდია) სხვაგან დაუწყებენ ძებნას, ნავთობის ფასი მოიმატებს, რაც საერთაშორისო ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთის შემოსავლების შესამცირებლად ისეთ პოლიტიკას ახორციელებენ, რომელიც ნავთობზე „გონივრულად ზღვრულ“ ფასებს გულისხმობს, რომელმაც მსოფლიო ბაზრის რყევა არ უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ეს სტრატეგია შეფერხებით მუშაობს და ის ვლადიმერ პუტინს ვერ აჩერებს.
დონალდ ტრამპს სრულიად არ ადარდებს, თუ რა გავლენას მოახდენს მეორადი ანტირუსული სანქციები ნავთობის ბაზარზე. ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს აქვს სხვა ეკონომიკური ბერკეტები რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად, რათა კრემლი იძულებული გახდეს და ომი შეწყვიტოს. დიახ, რუსეთმა შეძლო თავისი ეკონომიკის დაცვა სანქციების გავლენისაგან, მაგრამ ის მაინც მოწყვლადი რჩება. არსებობს ეკონომიკის ისეთი სეგმენტებიც, რომელთა გამოყენება ამერიკას შეუძლია.
თეთრ სახლს ჯერ არ განუცხადებია, განზრახული აქვს თუ არა დონალდ ტრამპს სხვა ვარიანტებით სარგებლობა. როგორც ეველინ ფარკასი – აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი თანაშემწე – ამბობს, პრეზიდენტს ხელში სხვა კოზირებიც აქვს, სენატის კანონპროექტის ჩათვლით, რომელიც 500%-იანი ბაჟის დაწესებას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსული ურანის იმპორტს ეწევიან. „მაგრამ მთავარი ისაა, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთის დარწმუნება უნდა შეძლოს – კრემლი ომს ვერ მოიგებს. აშშ-ის პრეზიდენტი და მის მიერ დანიშნული მომლაპარაკებლები ფიქრობდნენ, რომ რუსეთის კომპრომისზე წასვლას მიაღწევდნენ, მაგრამ პუტინი კომპრომისით დაინტერესებული არ არის“, – აღნიშნავს ეველინ ფარკასი.
კრემლს პრაქტიკულად არანაირი რეაქცია არ მოუხდენია დონალდ ტრამპის მუქარებზე. პუტინის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამი „ცნობად იქნა მიღებული“. მაგრამ კრემლის ელიტამ დონალდ ტრამპის მიერ ვადების ცვლილება აბუჩად აიგდეს და დამცინავი დამოკიდებულება გამოხატეს.
დენიელ ფრიდი, ყოფილი მაღალჩინოსანი დიპლომატი, რომელიც ახლა ვაშინგტონში არსებული კვლევითი ცენტრის – „ატლანიკური საბჭოს“ მეცნიერ-მუშაკია და რომელსაც რუსებთან მოლაპარაკების გარკვეული გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ აქვს შანსი მთლიანად გამოასწოროს დაშვებული საშინელი შეცდომა – როცა პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ უკრაინას მხარს არ უჭერს. დენიელ ფრიდის აზრით, აშშ-ის ასეთმა პოზიციამ რუსეთს ხანგრძლივი თამაშის შესაძლებლობა მისცა: რაც შეიძლება მეტად გაეხანგრძლივებინა ტრამპისათვის პასუხის გაცემა და ამ დროს შეტევა გაეგრძელებინა. „როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი თამაშობს, ამიტომაც ხისტი მოქმედება დაიწყო“
ჩარლ კუპჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ დონალდ ტრამპი სიტყვიდან საქმეზე გადადის და იგი, ალბათ, თავის რუს კოლეგას რეალურად აჩვენებს დასავლური ძალისმიერი დიპლომატიის („იძულებითი მშვიდობის“) ზემოქმედებას. „ვლადიმერ პუტინი მხოლოდ მაშინ გაჩერდება, როცა მას გაჩერებას აიძულებენ. აშკარაა, რომ დონალდ ტრამპს არ სურს ისტორიაში აშშ-ის ისეთ პრეზიდენტად შევიდეს, რომელმაც უკრაინა დაკარგა“.
მოამზადა სიმონ კილაძემ