“დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის

37
spot_img

დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით მივლინების ვადა და მასთან დაკავშირებული აკრძალვა ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და პროკურორის დამხმარის მიმართ არ გავრცელდება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის.

დღეს მოქმედი კანონი დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადებს ადგენს. ასევე, აკრძალულია როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იმავე ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ერთი წლის განმავლობაში.

აღნიშნული აკრძალვა, მათ შორის, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორსა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარეს ეხება. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ მიზანშეწონილია, აკრძალვა აღნიშნულ თანამდებობის პირებზე არ გავრცელდეს, რადგან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის დიპლომატიური თანამდებობები ფუნქციებითა და პროფესიული ბუნებით სხვა დიპლომატიური თანამდებობისაგან განსხვავდება.

„ამასთანავე, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის ან ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის შემდეგ შეუძლებელია იმავე პირის ანალოგიური ფუნქციის მქონე სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშვნა, რაც სხვა დიპლომატიური თანამდებობის პირთა შემთხვევაში შესაძლებელია. ამრიგად, კანონის პროექტის მიზანია აღნიშნული საკითხის სათანადოდ მოწესრიგება და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორისა და ევროჯასტში მეკავშირე პროკურორის დამხმარის საქმიანობის ხელშეწყობა“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.