დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით, ევროკომისია წინადადებას წელს წარადგენს -კაია კალასი

5
spot_img

დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

„ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, დემოკრატიული ქვეყნები ოპოზიციურ ხმებს არ ახშობენ და მედიის თავისუფლებას არ ზღუდავენ. ამის საპასუხოდ ჩვენ პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ და საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსება შევაჩერეთ. დღეს, ჩვენ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შევთანხმდით და კომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების დაწესების საკითხი იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის უკან დგანან“, – განაცხადა კაია კალასმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგომას გააგრძელებს.

„მომავალში ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსების გადამისამართებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისკენ, დამოუკიდებელი მედიისკენ, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.