„დიფ სთეითის“ ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდის იმ საქმეში, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისკენ – არჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე

27
spot_img

„დიფ სთეითის“ ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდის იმ საქმეში, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისკენ, – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, რადიკალური ჯგუფების მიერ გერმანიის მთავრობისთვის გადახდილ მადლობას, რომელიც სანქციებს უკავშირდება.

მისი თქმით, ამ ადამიანებისგან ეს ქმედება გასაკვირი არ არის, ვინაიდან მუდმივად ცდილობენ ქვეყანა დააზარალონ.

„თანამედროვე ბოლშევიკები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხვალ ქვეყნის თანამდებობის პირების პორტრეტებს იჭერენ და გამოდიან მარშის სახით თბილისის ქუჩებში. იმ დამოუკიდებელი ქვეყნის ქუჩებში, სადაც სისხლი დაღვრილა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. ახლა ამ ადამიანებს უნდათ, რომ ეს დამოუკიდებლობა გაუქმებული იყოს და კონკრეტული ძალების დავალების შემსრულებელი ერთი ქვეყანა იყოს. ეს ადამიანები რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდიან იმ ძალებს, რომლებიც კონტროლდებიან ისევ და ისევ „დიფ სთეითიდან“. „დიფ სთეითის“ ერთი წარმომადგენელი მეორე წარმომადგენელს რა თქმა უნდა მადლობას გადაუხდის იმ საქმეში, რომელიც მიმართულია ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის ჩამოშლისკენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა გერმანიის მთავრობას მადლობა გადაუხადეს. საუბარია გერმანიის მთავრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. გერმანის საგარეო უწყებამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომენტარებში იმედს გამოთქვამენ, რომ სანქცირებულთა სია გაიზრდება.