დიმიტრი ხუნდაძე GORBI-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება

110
spot_img

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე GORBI-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევამ ცხადყო, რატომ სურს ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა – ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ გარდა, ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ბარიერს ვერ გადალახავს.

„გორბის“ კვლევა რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ჩატარებულიყო, სახელისუფლებო პარტიას ბევრად უფრო დიდი პროცენტები ექნებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2024 წელსაც მმართველი გუნდი ისევ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 8 ნოემბრამდე გამოკითხულთა 55% ხმას აძლევს სახელისუფლებო პარტიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტატუსის მონიჭებამდეც საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად იყო გარკვეული სიმართლეში და ხედავდნენ, თუ როგორ იბრძოდა ხელისუფლება კანდიდატის სტატუსისთვის და როგორ იბრძოდა ოპოზიცია სტატუსის წინააღმდეგ.

საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.

„გორბის“ კვლევიდან ჩანს, თუ რატომ სურს ოპოზიციის უმრავლესობას ბარიერის დაწევა, ნაცმოძრაობის გარდა, ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ️არადა, პარლამენტში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ხალხის დამაჯერებელი მხარდაჭერა აქვთ. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ხალხსაც მეტი მოთხოვნის უფლება აქვს.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რათა ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი, გააკეთოს სწორი არჩევანი. თუკი გავითვალისწინებთ არჩევნებამდე დაგეგმილ პოზიტიურ პროცესებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი არჩევანიც აუცილებლად მმართველი გუნდის სასარგებლოდ იქნება“, – წერს ხუნდაძე.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება“ 55%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%
  • „ლელო“ 4%
  • „ევროპული საქართველო“ 3%
  • „საქართველოსთვის“ 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ 2%
  • „ლეიბორისტული პარტია“ 2%
  • „მოქალაქეები“ 1%
  • „გირჩი“ 1%
  • სხვა 5%

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.