დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ -კახა კალაძე

7
spot_img

ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხება.

„ამაზე მიმდინარეობდა საუბარი დიდი ხნის განმავლობაში, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თუ იქნებოდა მიღებული, რუსეთისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის დაკავება, მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იყო იმის გამო, რომ ვიცავდით ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სათავისოდ. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის ამ ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს საქართველოში, ჟურნალისტებთან საუბრისას მერი აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება და მეგობრობა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გადაიტვირთოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით „დიფ სთეითი“ რა განცხადებებს აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიტვირთოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.