დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

128
spot_img

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას დისტანციურად ესწრება მიხეილ სააკაშვილი, ასევე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია.

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მღებრიშვილი ჰყავთ გამოძახებული, უწყება გაგზავნილი აქვთ, თუმცა, ჩაბარდა თუ არა, ეს მათთვის უცნობია.

ბასილაიას თქმით, მღებრიშვილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებებს ასრულებდა და მის მიერ გაწეული ხარჯები ჯანაშიას მიერ გაწეულ ხარჯებს ჰგავს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.