დიდი გეოპოლიტიკური თამაში სირიაში -ავთანდილ წულაძე

86
spot_img

  ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა სირიაში ცვლის ძალთა ბალანსს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ გლობალურ დონეზე. სირიაში მოვლენები უფრო დიდი თამაშის ნაწილია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შედეგები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

  განვიხილოთ, ვინ მოიგო და ვინ წააგო სირიაში ხელისუფლების ცვლილებით. დამარცხებულთა შორის ექსპერტები ასახელებენ რუსეთს და ირანს. მაგრამ ამ ქვეყნების უკან ჩინეთის ჩრდილი დგას, რომელიც იყენებს რუსეთსა და ირანს დასავლეთზე ზეწოლის და თავისი გეოპოლიტიკური გავლენის გასაზრდელად. ჩინეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის სავაჭრო დერეფნების, ენერგომომარაგების გზებისთვის ბრძოლაში უპირატესობა დასავლეთმა მოიპოვა.

ირანი წლების განმავლობაში ზრდიდა თავის გავლენას ახლო აღმოსავლეთში  მარიონეტული ძალების მეშვეობით. უპირველეს ყოვლისა, საუბარია ჰამასზე და ჰეზბოლაზე. ისრაელის სამხედრო ოპერაციამ გამოიწვია ჰამასის თითქმის სრული განადგურება და საგრძნობლად დაასუსტა ჰეზბოლა. სწორედ ჰეზბოლას მებრძოლები უზრუნველყოფდნენ ასადის რეჟიმს მიწაზე, ხოლო რუსეთი ძირითადად ახორციელებდა საჰაერო იერიშებს ასადის მოწინააღმდეგეების პოზიციებზე. ოპოზიციამ ისარგებლა იმით, რომ რუსეთი უკრაინის ომით არის დაკავებული, ჰეზბოლა კი ისრაელთან დაპირისპირებით.

სირიაში ძალაუფლების შეცვლა ირანს ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთ გავლენის სფეროს ართმევს. ირანის რეჟიმი კარგავს ავტორიტეტს როგორც რეგიონში, ასევე საკუთარი მოსახლეობის თვალში. ასეთ სიტუაციებში დიქტატორული რეჟიმები აძლიერებენ რეპრესიებს ქვეყნის შიგნით და ზრდის ესკალაციაას გარე ასპარეზზე. ირანის შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ ისრაელისა და დასავლეთის ქვეყნების შანტაჟზე ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დაჩქარებით.

  რუსეთისთვის სირია ღირებული იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, სამხედრო ბაზები სირიაში, რომელიც გაიხსნა ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის დროს 1971 წელს, უზრუნველყო რუსეთის ყოფნა ახლო აღმოსავლეთში.

მეორეც, ნავთობითა და გაზით მდიდარი რეგიონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალურ ეკონომიკაში. ენერგიის ფასები დიდწილად დამოკიდებულია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ევროპისკენ ნავთობისა და გაზის მიწოდების მარშრუტები ასევე დამოკიდებულია რეგიონში ძალთა ბალანსზე. შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2015 წელს ჩაერია სირიის სამოქალაქო ომში, რათა ხელი შეეშალა ყატარიდან სირიისა და თურქეთის გავლით ევროპაში გაზსადენის მშენებლობისთვის.

მესამე, სირიის სამხედრო ბაზებიდან რუსეთს შეეძლო მიეწოდებინა თავისი სამხედრო ნაწილები აფრიკაში. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსი მხარს უჭერდნენ რუსეთისადმი ლოიალურ რეჟიმებს. „ვაგნერი“ ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო გადატრიალებებში აფრიკის ქვეყნებში, რომლებიც საფრანგეთის გავლენის ზონაში იმყოფებოდნენ. სირიაში სამხედრო ბაზების გარეშე, რუსეთი დაკარგავს  გლობალური თამაშის შესაძლებლობას დასავლური ქვეყნების წინააღმდეგ როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე აფრიკაში.

რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის გლობალისტური ამბიციები ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ საგრძნობლად შეიზღუდება. რუსეთი, ფაქტობრივად, უბრუნდება რეგიონული ზესახელმწიფოს სტატუსს. მაგრამ ყოფილ სსრკ-ს სივრცეშიც კი რუსეთს უწევს კონკურენცია გაუწიოს ჩინეთის მზარდ გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასადის რეჟიმის დაცემა ასევე აძლიერებს თურქეთის გავლენას რუსეთის გავლენის ისეთ რეგიონებშიი, როგორიცაა კავკასია და ცენტრალური აზია.

სირიაში ხელისუფლების ცვლილების ბენეფიციარებს შორის პირველ რიგში თურქეთი უნდა აღინიშნოს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავისი მმართველობის ერთ-ერთი მიზანი დაისახა თურქეთი ახლო აღმოსავლეთის გაზის კერად გარდაქმნას. ერდოღანი ამ იდეის განხორციელებას რუსეთთან თანამშრომლობით ცდილობდა. მაგრამ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ იძლევა ასეთი მასშტაბური გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელების საშუალებას. ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ, ყატარიდან სირიისა და თურქეთის გავლით ევროპაში გაზსადენის მშენებლობის პროექტს წარმატების დიდი შანსი აქვს.

ერდოღანს ასევე შეუძლია გამოიყენოს თავისი გავლენა სირიის ახალ მთავრობაზე რუსეთთან ვაჭრობისთვის. სირიიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის უსაფრთხო ევაკუაციისა და რუსული გემების ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის გარანტიით, ერდოღანს შეუძლია მოსთხოვოს რუსეთს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დათმობები. თურქეთი დაინტერესებულია საქართველოში თავისი გავლენის შენარჩუნებითა და გაფართოებით. თურქეთს აქვს ინტერესები აფხაზეთშიც. რუსეთსა და თურქეთს შორის კონკურენცია საქართველოში გავლენისთვის შესაძლოა სირიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ გამძაფრდეს. ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში ზანგეზურის დერეფნის კონტროლისთვის, თურქეთს რუსეთზე ზეწოლის ახალი ბერკეტიც გაუჩნდა.

შეერთებული შტატებისთვის რუსეთისა და ირანის დასუსტება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ხსნის ახალ შესაძლებლობებს ამ ქვეყნებზე ზეწოლის განსახორციელებლად. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინაში ზავის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ტრამპის გეგმა ითვალისწინებს ბრძოლის შეწყვეტას სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, ხოლო რუსეთი აცხადებს პრეტენზიას ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსული არმია არ აკონტროლებს. რუსეთის პოზიციების შესუსტება ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში შეიძლება გახდეს შეერთებული შტატების ზეწოლის ბერკეტი სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს.

შეერთებულ შტატებს ასევე აწყობს თურქეთის, როგორც რეგიონული ზესახელმწიფოს გაძლიერება, როგორც რუსეთისა და ჩინეთის საპირწონე. ამერიკელი პოლიტოლოგი ჯორჯ ფრიდმანი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთისა და რუსეთის გავლენა შესუსტდება და თურქეთის გავლენა კი გაიზრდება.

ტრამპი ირანის მიმართ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, ვიდრე ბაიდენი. ტრამპი ირანის ბირთვული პროგრამის გაყინვას შეეცდება. თუ ირანი არ წავა დათმობებზე, მაშინ ტრამპი გააძლიერებს ეკონომიკურ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ. ტრამპმა, შესაძლოა, უფრო მკაცრი მეთოდებიც გამოიყენოს  ირანის რეჟიმზე ზეწოლის მიზნით.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკური რეჟიმი ჩამოყალიბდება სირიაში და შეძლებს თუ არა ახალი ხელისუფლება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მაგალითად, ისრაელისთვის ასადის რეჟიმის დაცემას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ისრაელის მოგება ის არის, რომ ირანის მარიონეტულმა ძალებმა დაკარგეს პოზიციები სირიაში. გარდა ამისა, ისრაელს რუსეთის  ჯარის არყოფნა სირიაში მეტი მანევრირების შესაძლებლობას მისცემს. თუნდაც, ისრაელი შეძლებს უფრო გადამწყვეტი პოზიციის დაკავებას საერთაშორისო პოლიტიკის ბევრ საკითხზე რუსეთის მხრიდან ზეწოლის შიშის გარეშე.

ამასთან, ისრაელი შიშობს, რომ სირიაში რადიკალი ისლამისტების პოზიციები გაძლიერდება, რაც ახალ საფრთხეებს შეუქმნის ებრაულ სახელმწიფოს.

ჯერ ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ როგორ მოიქცევა სირიის ახალი მთავრობა, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ბალანსები რადიკალურად და სწრაფად იცვლება. 21-ე საუკუნეში მსოფლიო ძალაუფლების ცენტრების ბრძოლა ლიდერობისთვის მძაფრდება.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი