
მსოფლიოში დიდი გადანაწილების პერიოდი დადგა. 1991 წლის დეკემბერს, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი და მისი ბლოკი, დასრულდა იალტა-პოტსდამის 45 წლიანი შედარებით მშვიდობიანი პერიოდი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას მოჰყვა მსოფლიოს დიდი გადანაწილება, რამაც დღეისათვის საკმაოდ მაღალი ინტენსივობა შეიძინა და რომლის შედეგები და დასრულების ვადა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია
რუსეთ-უკრაინის ზავი
დიდი იმედებია რუსეთ-უკრაინის დაზავებასთან დაკავშირებით. მაგრამ მოვლენებს საღი თვალით თუ შევხედავთ უნდა ვაღიაროთ, რომ ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის ვერ დამყარდება მანამ, სანამ ხელისუფლებაში არიან პუტინი და ზელენსკი. ზავი ნიშნავს ურთიერთდათმობას, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის სრულ კაპიტულაციას. სწორედ ამიტომ არის ზავი მეტად საშიში პრეცედენტი მათთვის – თუ პუტინი ვერ დაიქვემდებარებს მთელ უკრაინას (რაც იყო რუსეთის მხრიდან სპეცოპერაციის გაცხადებული მიზანი), ხოლო ზელენსკი ვერ აღადგენს უკრაინას 1991 წლის საზღვრებში (როგორც დაიქადნა), მათ ელოდებათ ტრიბუნალი საკუთარ ქვეყანაში. ასეთ კოლოსალურ მსხვერპლს მათ არავინ აპატიებს (ისტორიული მაგალითი სახეზეა: სტალინმა ეპოქალური ომი მოიგო, მაგრამ 1941 წელი არ აპატიეს). სწორედ ამიტომ, ისინი იძულებულები არიან ომი გააგრძელონ საოცნებო გამარჯვებამდე. ვაშინგტონში გაიაზრეს, რომ პრობლემის მოგვარება ამ ქვეყნების ლიდერთა ამბიციებს ეჯახება და სწორედ ამიტომ სურთ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებით ზელენსკის შეცვლა (რუსეთამდე მათი ძალმოსილება ვერ აღწევს).
მაშ ასე, რუსეთ-უკრაინას შორის სწრაფი მშვიდობა 2025 წელს სავარაუდოდ ვერ დამყარდება და ეს, როგორც მოცემულობა, ისე უნდა მივიღოთ. რაც შეეხება მომდევნო წლების პროგნოზს, ამაზე მოგვიანებით ვიმარჩიელოთ.
ნუთუ ტრამპი რუსეთის აგენტია?
ჩვენთან პოლიტიკის მრავალი მიმომხილველი არგუმენტებისათვის თავს არ იწუხებს ხოლმე და პრიმიტიულ დასკვნას აკეთებს – ტრამპი რუსეთუმეა (თურმე ვენსიც რუსეთუმეა). მაგრამ საქმე ბევრად უფრო რთულადაა.
როგორც წესი, ხელისუფლებაში მყოფი პიროვნებანი გამოხატავენ ქვეყანაში არსებულ ინტერესებს და სწორედ ამიტომაც აღმოჩნდებიან ხოლმე ქვეყნის სათავეში.
ნიკიტა ხრუშჩოვი ნამდვილად იდიოტი იყო, მაგრამ მან მოუხსნა პარტიულ ბიუროკრატიას პიროვნული პასუხისმგებლობა, ხოლო სახელმწიფო უშიშროებას აუკრძალა პარტიულ მუშაკებზე თვალთვალი. ამის შედეგად ამოისუნთქა პარტიულმა ბიუროკრატიამ და გაიფურჩქნა კიდეც კორუფცია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ (დასჭირდა ასე 20-30 წელი) ბიუროკრატიას გაეხსნა ახალი მადა: მოინდომა დათრეული ქონების დაკანონება და დასავლეთის ქვეყნებში თავისუფლად გართობა-სეირნობანი. სწორედ ამ ახალმა ინტერესმა წარმოშვა გორბაჩოვი და “პერესტროიკა”. საბოლოოდ, მართალია ქვეყანა ჩამოეშალათ, მაგრამ მთავარია, რომ პარტიულმა ბიუროკრატიამ იხეირა და თანაც საარაკოდ.
პრივატიზაცია-“პრიხვატიზაციის” შედეგად გამაძღარ ბიუროკრატიას გაახსენდა “დერჟავა” და წინ წამოსწია პუტინი, რომელმაც წამოიწყო “დერჟავას” აღორძინების პროცესი. 2007 წელს მიუნხენში გაკეთებული მუქარა, დამიმტკიცეთ გავლენის სფეროებიო (ახალი იალტა), სწორედ ამას ნიშნავდა. არაფერ უცნაურს პუტინი არ ითხოვდა – გავლენის სფეროები მანამდეც გადაუნაწილებიათ მოსკოვსა და ვაშინგტონს (1945 წელს იალტა-პოტსდამი, 1989 წელს მალტა). ანალოგიური მოთხოვნა, უფრო კატეგორიული ფორმით, გაიმეორა 2021 წლის მიწურულს (უკრაინაში აგრესიამდე ორი თვით ადრე): დამიკანონეთ ყოფილი საბჭოთა კავშირი რუსეთის გავლენის სფეროდო და ნატოს ჯარები გაიყვანეთ აღმოსავლეთ ევროპიდანო.
როგორც ვხედავთ, გეოპოლიტიკაში უმთავრესი პოლიტიკური ინტერესებია, ხოლო პიროვნებები იმისდა მიხედვით კაშკაშებენ პოლიტიკურ ცის კაბადონზე, თუ რამდენად შეესაბამებიან პოლიტიკურ ინტერესებს.
აშშ ინარჩუნებდა და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო ლიდერობას იმით, რომ მოწინავეა მეცნიერებატევად დარგებსა და ახალ ტექნოლოგიებში. თვალსაწიერ მომავალში არ ეგონათ თუ რომელიმე ქვეყანა გაუწევდა მეტოქეობას. ეხლა კი, მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ჩინეთმა სწორედ ახალ ტექნოლოგიებში გააკეთა სერიოზული ნახტომი (ხელოვნერი ინტელექტი, მართვადი თერმობირთვული რეაქცია, პლაზმური ძრავა, მარსის დალაშქვრა, GDP-ის ფანტასტიური ზრდა). საჭირო გახდა ჩინეთის როგორმე დამუხრუჭება. ამისათვის კი აუცილებელი გახდა:
- აშშ-დან კაპიტალის გატანის დასრულება და ქვეყნის რეინდუსტრიალიზაცია;
- ჩინელებისთვის აშშ-ს პატენტების მიყიდვის აკრძალვა;
- აშშ-ს ხარჯების მაქსიმალური შეკვეცა;
- და მთავარი, რუსეთის გადმობირება (აბა ამერიკა ხომ არ დაუწყებს ომს ჩინეთს?). სწორედ რუსეთის მოსათაფლავად უბოძეს ჯეფრი საქსს ევროპის უმაღლესი ტრიბუნა (თორემ საქსი მანამდეც აფრქვევდა დისიდენტურ აზრებს). შესაბამისად, რახან ვერ მოხერხდა ომით რუსეთის გამოფიტვა (აქაც ჩინეთის მზაკვრობა დაინახეს), საჭირო გახდა უკრაინის უმოწყალოდ გადაგდება და ამ გზით მოსკოვის გულის მოგება.
სამაგიეროდ მორალური ზარალი ყოველგვარ ფარგლებს სცილდება. ვაშინგტონის წაქეზებითა და იმედად დაუწყო ურჩობა ზელენსკიმ რუსეთს. ახლა კი უსირცხვილოდ “დააპაშოლეს”. ამერიკა აღნიშნულ მორალურ ზარალს როგორმე გადაიტანს, მითუმეტეს, რომ არც პირველია და, ეტყობა, არც უკანასკნელი. აი უკრაინა კი აღმოჩნდა გაუპატიურებული და მიგდებული (იყო ასეთი ფილმი იტალიური ნეორეალიზმის ეპოქიდან: “მოტყუებული და მიტოვებული”).
სხვათა შორის, რომც გამართლდეს ეჭვი და ტრამპი თავის გუნდითურთ მართლაც იდიოტები აღმოჩნდნენ, და თანაც რუსეთის დაზვერვის შტატიანი აგენტები, და ამ მიზეზით თუნდაც გადააყენონ, ამით სიტუაცია არ იცვლება. ამერიკა, და ზოგადად დასავლეთი ძველებურად ვეღარ გააგრძელებენ ცხოვრებას. გარდაქმნა აუცილებელია. შპიონომანიით გატაცებულებს კი უნდა შევახსენო, რომ როგორც წესი, გადმობირებული ასრულებს დამკვეთის დავალებებს და არა პირიქით. თუ რუსეთი ტრამპის ჭკუაზე წავა, მაშინ რუსეთი ყოფილა გადმობირებული მთელი, აქედან გამომდინარე შედეგით.
დასკვნები ჩვენთვის
- უსაფრთხოების გარანტორი საქართველოს არა ჰყავს და მის ძებნას უნდა შევეშვათ. ყველა მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მოჭარბებული მოლოდინები მხოლოდ ვნებენ საქმეს;
- სახელმწიფო ინსტიტუტებს და გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაციას ანიჭებს ქართველი ხალხი და არავინ სხვა. ყველას გვახსოვს 1991-92 წლების მიჯნაზე საქართველოში განხორციელებული სისხლიანი გადატრიალების ლეგიტიმაცია ევრიატლანტისტების მიერ (ბეიკერის, გენშერის ვიზიტები). ერთხელ და საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ უცხოეთიდან ლეგიტიმაციის მავნე პრაქტიკაზე. თემის გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისათვის ხევისბერ გოჩას არ მიუმართავს არც ნუგზარ ერისთავისთვის, არც ოსებსა და ლეკებისთვის;
- გასათვალისწინებელია ისრაელის ანალიტიკოსის იგალ ლევინის მოსაზრება, რომ არსებულ კონფლიქტში ვაშინგტონი ყოველთვის ცდილობდა რუსეთისთვის დამარცხება აეცილებინა თავიდან და როგორმე იგი ჩინეთისაგან ჩამოეშორებინა, ოღონდ ამას აკეთებდა დაფარულად. ტრამპმა კი კარტები გახსნა. ეს არის და ეს. მართალია იალტა-2 ოფიციალურად არ გაფორმებულა, მაგრამ ევროატლანტისტებმა გაითვალისწინეს პუტინის მიუნხენური მუქარა და ქცევა კარდინალურად შეცვალეს – ფაქტიურად ცნეს მოსკოვის პრეტენზია გავლენის სფეროებზე (პირი უშალეს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს MAP-ის მონიჭებაზე, მეტი რომ არ იქნება ისე „დაეხმარნენ“ მათივე წაქეზებულ 2008, 2014, 2022-25 კრიზისებში, პირდაპირ „თავი გამოიდეს“ ბუდაპეშტის მემორანდუმის დასაცავად). ეხლა კი ცდილობენ იურიდიულად გაინაწილონ გავლენის სფეროები (აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოეთზე მოსკოვის გავლენის პირდაპირი აღიარება). მეტად სამწუხაროა, რომ საქართველოში დღემდე ვერ აუღეს ალღო დასავლეთის პარადიგმის ცვლილებას;
- თვალი გავახილოთ. საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში ევროატლანტიკური სტრუქტურების მიერ არ განიხილებოდა, არ განიხილება და არც უახლოეს მომავალში იქნება განხილული. ტყუილია რომ კარები ჩვენთვის ღიაა. არც იმას აქვს მნიშვნელობა თუ ჩვენ როგორ მოვიქცევით. უკრაინის მაგალითმა ყველაფერი გამოაშკარავა. ფაქტიურად, ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დამამცირებელი გაცუცურაკება, რაც კი მას ოდესმე შემთხვევია. ნეტავი თუ გრძნობენ ჩვენი ვაი-ევროპელები, რომ სულ ტყუილა აფრიალებენ ევროკავშირის დროშას;
- ჩვენი პოლიტიკური ელიტა გადაწყვეტილებებს სხვის დაუხმარებლად უნდა იღებდეს (ბოლოს და ბოლოს 35 წელია დამოუკიდებელი და სუვერენელი სახელმწიფო გვაქვს). დროა შეეშვას ყარაყორუმიდან (ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, მოსკოვიდან, ახლა უკვე პეკინიდანაც) მიღებული დირექტივებით მოქმედებას. ჩვენი ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცებიდან გაჩენილი ეს მავნე ტრადიცია უნდა უკუვაგდოთ. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. პატარა სახელმწიფოებს, როგორც წესი, უწევთ დიდი სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინება და მათთან ადაპტირება. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სუვერენიტეტის ხარჯზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა;
- ევროპა-ჩინეთის მოსალოდნელი დათბობიდან გამომდინარე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ ევროპელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. მართალია ევროკავშირის ავტორიტეტი უიმედოდ შელახულია, მაგრამ ევროპულ ქვეყნებთან (განსაკუთრებით ბულგარეთ-რუმინეთთან) უნდა გაგვაჩნდეს კარგი ურთიერთობა;
- რუსეთ-უკრაინის ზავის სავარაუდო გაჭიანურება ჩვენ მოგვცემს დროს გეოპოლიტიკური ადაპტაციისათვის (თუ შევძელით, რასაკვირველია). სწრაფი ზავის შემთხვევაში (თუ მართლა ასე განვითარდა მოვლენები) საქართველო დიდი ალბათობით აღმოჩნდება რუსეთის მენიუში (სრულად ვეთანხმები მირიან მირიანაშვილს). რუსეთის გავლენის სფეროში ჩვენი ქვეყნის ოფიციალური გადაცემა ვაშინგტონისთვის იქნება მოსკოვის გადმობირების საუკეთესო ვარიანტი, თან ჩინეთსაც დაეკეტება ევროპასთან მისასვლელი გზა (მოთმინებას თუ გამოვიჩენთ ვნახავთ როგორ მოიქცევა ჩვენი სტრატეგიულ მეგობარი – აი სეირი იქნება თუ რუსეთის კალთაში სწორედ მან გაგვიშვა). მეტად საგულისხმოა რუბიოს განცხადება – ანაკლიის პორტს ჩინელები ნუ აშენებენო. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენვე არ ამოვქოლავთ ჩინურ დერეფანს, მას რუსებს დააკეტინებენ;
- დიდი გადანაწილების დასრულების ვადა გაურკვეველია. ამ პერიოდში საქართველო უნდა ერიდოს ამჩატებასა და მკვეთრ მოძრაობებს. როგორც იტყვიან, მძიმედ მოიქცევი, წონაში მეტს მოხვალ. ჰოდა, მძიმედ უნდა მოვიქცეთ.
რა გამოდის? უნდა დავემშვიდობოდ ევროპას?
არამც და არა. უბრალოდ უნდა შევეშვათ ევროკავშირს და სხვა მსგავს სატყუარებს. სამაგიეროდ, უნდა მოვახდინოთ საბჭოური ვერტიკალის დემონტაჟი (35 წელია მას ვერცერთი ხელისუფლება ვერ ელევა) და ქვეყანა ევროპულად მოვაწყოთ. სწორედ ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანაც და ხსნაც.
ცოტა რამ ევროპის ისტორიიდან
ევროპა დგას ბერძნულ-რომაულ კულტურასა და ქრისტიანობაზე. სწორედ ეს გვაძლევს უფლებას ვამტკიცოთ, რომ დიახაც, ქართველი ერი ევროპელია. ევროპული ფასეულობანი ჩვენთვისაც მშობლიური და ღირებულია. მაგრამ ევროპული ცივილიზაცია მხოლოდ ამ ორ საყრდენზე არ დგას, მას მესამე ბურჯიც გააჩნია. ეს არის ევროპის პოლიტიკურ საგანძურში გერმანული მოდგმის ხალხთა (საკუთრივ გერმანელები, სკანდინავიელები, ანგლო-საქსები, ფრანკები, ფლამანდიელები, ბურგუნდიელები, ლანგობარდები, ვესტ-გოთები) შეტანილი წვლილი, რამაც უაღრესად დიდი როლი ითამაშა ევროპის პოლიტიკურ ჩამოყალიბებაში და რამაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია.
- თვითმმართველი ქალაქების გაჩენა. X საუკუნეში გერმანიაში საქსონური დინასტიის მეფემ ჰაინრიხმა (ცნობილია ზედმეტსახელით „ჩიტიჭერია“, გერმ.“Vogler”, ინგ.”Fowler”), იმისთვის, რომ სამეფოში არსებული უზარმაზარი საჰერცოგოები ემართა (მაგალითად, მაშინდელ ბავარიის საჰერცოგოში შედიოდა საკუთრივ ბავარია, ზალცბურგი და ტიროლი), მან თავისუფლების სიგელები დაურიგა ქალაქებს და გამოიყვანა ჰერცოგებისა და მარკგრაფების დაქვემდებარებიდან. მისმა მემკვიდრემ ოტონ I, რომელმაც რომის საღვთო იმპერია (პირველი რაიხი) დაარსა, გააფართოვა თავისუფალი ქალაქების არეალი და შექმნა მაგდებურგის სამართალი, რომლის ძალითაც დაიცვა თავისუფალი ქალაქები იურიდიულად (მაშინ გაჩნდა გამოთქმა: Stadt luft macht frei – ქალაქის ჰაერი ანიჭებს თავისუფლებას). თვითმმართველი ქალაქები იმდენად ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ფეოდალთა თვითნებობის ასალაგმავად, რომ ინგლისის და საფრანგეთის მეფეებმაც დაურიგეს თავიანთ ქალაქებს თავისუფლების სიგელები. ასე გაჩნდა ევროპაში თვითმმართველი ქალაქები სადაც ქალაქის საბჭოს მსხვილი გადამხდელები აკომპლექტებდნენ (ხმები კი არ ითვლებოდა, არამედ იწონებოდა). ქალაქებმა შეინარჩუნეს თვითმმართველობა აბსოლუტური მონარქიების დროსაც – უბრალოდ შეეკვეცათ კომპეტენციები. დღეს ევროპა არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე (თვითმმართველობა ნაცისტების დროსაც ფუნქციონირებდა). სწორედ თვითმმართველი ქალაქების დამსახურებაა: მოქალაქეთა თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოები და უნივერსიტეტები, რამაც უზრუნველყო კიდევაც ევროპის ინოვაციური განვითარება. სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიამ მხოლოდ ერთი თვითმმართველი ქალაქი იცის – XI საუკუნის თბილისი. მანაც, სატახტო ქალაქად გადაქცევის შემდგომ თვითმმართველობა დაკარგა.
- მუდმივმოქმედი სათათბირო. მხოლოდ გერმანიკულ სამყაროში გაჩნდა მუდმივმოქმედი სათათბირო (პარლამენტი, რაიხსტაგი, სკანდინავიური ტინგები, სეიმი, ქალაქის რატა, თვითმმართველ ქალაქთა გაერთიანება – ჰანზა), სადაც სხდომებს ატარებდნენ სხვადასხვა კურიათა (წარჩინებულთა, ვაჭარ-ხელოსანთა, ეკლესიის, სოფლის თემის) მიერ არჩეული წარმომადგენლები. მართალია საუკუნეების განმავლობაში თათბირი ხშირად იცვლებოდა შუღლითა და შინაომებით, მაგრამ ამ სტრუქტურებმა დღევანდელ დღემდე მოაღწიეს, რითაც ჩვენ ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. პირიქით, ჩვენთან დღესაც სამაგალითო ვაჟკაცობად მიიჩნევა გიორგი ბრწყინვალის მიერ ცივ-გომბორზე ფეოდალთა შეტყუება და გაჟლეტა. ამის შემდეგ აღარ უნდა გაგვიკვირდეს ის, რაც შემდეგ საუკუნეში დაგვემართა: საქართველო დაიშალა და დაქუცმაცდა (ქუცმაცებმა დამოუკიდებლად გააგრძელეს არსებობა, თუ მათ ყოფას არსებობა ეთქმოდა). ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა თემურ-ლენგის შემდგომ პერიოდში არც ერთ მეზობელ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეეძლო საქართველოს დაპყრობა (თეთრ- და შავ-ბატკნიანი თათრების ეპიზოდური შემოსევები დაპყრობად არ იწოდება). რას იზამ, ყველაფერი კანონზომიერია – ჩვენ ვერ შევძელით ურთიერთმოთათბირებით გადაგვეჭრა ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები (ურთიერთმოთათბირებას დღესაც ვერ ვახერხებთ). სწორედ ამ უუნარობამ დაამკვიდრა ჩვენში მავნე ტრადიცია, როცა ხელისუფლებაზე განაწყენებული ძალები, დასაბეზღებლად და ჯავრის ამოსაყრელად გარბიან ყარაყორუმში და ეს სამარცხვინო და უღირს საქმედ არ მიაჩნიათ.
რატომ ევროპა?
იმიტომ რომ დასავლური ცივილიზაცია ერთადერთია მსოფლიოში არსებულ ცივილიზაციათა შორის, რომელიც აღიარებს ადამიანის თავისუფლებას და მის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, და ამისათვის ქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ხოლო ხელისუფლების დამხობა, რათა სახელისუფლებო ვერტიკალის ტრფიალი მთავრობა შეიცვალოს ასეთივე მიდრეკილების მქონე მთავრობით, გამოსავალი არ არის.
მთავარია გავისიგრძეგანოთ, რომ არ არსებობს ხელისუფლების მოწყობის განსაკუთრებული გზა (რუსული, ქართული, ტიბეტური და ა.შ). ხელისუფლება ან დემოკრატიულია, რაც შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტებით არის განმტკიცებული და დაცული (სწორედ ეს არის დასავლეთი), ან ხელისუფლება ავტოკრატულია (მისი მრავალი სახესხვაობით). მართალია დღეს დემოკრატიული სახელმწიფოების უმეტესობა კრიზისის ფაზაში იმყოფება, მაგრამ უკეთესი კაცობრიობას არ შეუქმნია. ასე რომ ხელისუფლება ან დემოკრატიულია ან ავტოკრატული. ამიტომ, ფართო არჩევანი ნამდვილად არა გვაქვს:
- ან ევროპულ გზას უნდა დავადგეთ, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს დემოკრატიულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს (ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, თვითმმართველობა, ხელისუფლებათა მონაცვლეობა თავისუფალი არჩევნებით, თავისუფალი და მიუკერძოებელი პრესა), რომელთა დამკვიდრებაც ამ ოცდაათი წლის განმავლობაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ უცდია (როგორც ხელისუფლებაში მყოფს, ისე მაძიებლებს) და არც რაიმე ნიშანწყალი ჩანს, რომ ვინმე ამას ეცდება. ხელისუფლების დანაწილება არავის სურს. ერთკაციანი პარტიაც კი აბსოლუტურ ძალაუფლებაზეა ორიენტირებული;
- ან სახელმწიფო მშენებლობა წარუმატებელი იქნება. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს საბჭოური სახელისუფლო ვერტიკალი, რომლის თავში მყოფი სუბიექტი აკონტროლებს ქვეყნის ყველა შესაძლო რესურსს (მატერიალურს, ფინანსურს, ადამიანურს). ამ ვერტიკალის დემონტაჟის გარეშე კი, შეუძლებელია ევროპას ვეკუთვნოდეთ. საქმე მხოლოდ ევროპაში არაა – ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ესაა მთავარი. ვინც საქართველოს ისტორია ასე თუ ისე მაინც იცის, და იცის ქართველი კაცის ურჩი ხასიათი, მას უნდა ესმოდეს, რომ ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა. ნებისმიერი ამგვარი მცდელობა გამოიწვევს გაათმაგებულ უკურეაქციას. ქვეყანა ვერ გაუძლებს სეპარატიზმისა და გადატრიალებების მუდმივ რყევებს (მოუთმენელი სიბეცეა იმის ფიქრი, რომ მხოლოდ რუსეთს სწადია ჩვენი დეზინტეგრაცია). შველა დემოკრატიულ მოწყობაშია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რეგიონების განვითარებას და მათ ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში (სამ მილიონიან ქვეყანაში მილიონ-ნახევარი დედაქალაქში ცხოვრობს, რაც პირდაპირ მიუთითებს რეგიონების სავალალო მდგომარეობაზე). ერთიანი და განუყოფელი საქართველოს ტრფიალთ უნდა შევახსენო, რომ სწორედ უნიტარული და სუპერუნიტარული სახელმწიფო წარმოადგენს სეპარატიზმის ნოყიერ ნიადაგს.
საქართველოში დღეს კრიზისია, ოღონდ არავინ აქცევს ყურადღებას მის ბუნებას. იგონებენ სხვადასხვა სიმულაკრებს (აქაოდა არჩევნები ტოტალურად გაყალბდაო, ევროპას გვაშორებენო, რუსეთისკენ მიგვაქანებენო და სხვ), მაშინ როცა სინამდვილეში კრიზისი კონსტიტუციურია. ჩვენ ოცდაათი წლის წინ არასრულყოფილი კონსტიტუცია მივიღეთ, იმ იმედით, რომ დასრულებულ სახეს მივცემდით ტერიტორიების დაბრუნებისას (გვპირდებოდნენ, რომ ეს მალე მოხდებოდა). ვერც ტერიტორიები დავიბრუნეთ და ვერც სახელმწიფო მოწყობა დავასრულეთ – დავრჩით ასე გაჩაჩხულები. მხოლოდ კონსტიტუციური რეფორმირების მიზნით მეჩვენება აუცილებელი რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. თუმცა, ამაზე არავინ ფიქრობს.
რაც შეეხება დღევანდელ საპროტესტო მოძრაობას, მსგავსი უიდეო, ულიდერო, უმიზეზო, უმიზნო, უცხო დროშების მოფრიალე და საეჭვო დონორების ხელშემყურე მოძრაობა სწორედაც რომ განწირულია წარუმატებლობისათვის.