დიდ ბრიტანეთში არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 16 წლის მოქალაქეებს ექნებათ.
ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ცვლილება უფრო სამართლიან მიდგომას წარმოადგენს 16 და 17 წლის მოქალაქეების მიმართ, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე მუშაობს და აქვს უფლება, იმსახუროს ჯარში.
ცვლილეების დამტკიცების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილეობა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიასა და უელსში 16 წლის მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება უკვე ჰქონდათ.
როგორც პრემეირ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, 16 და 17 წლის გადასახადის გადამხდელ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, განაცხადონ, რაში სურთ, რომ ეს ფული დაიხარჯოს.
„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 16 და 17 წლის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება, რადგან მუშაობის უფლება აქვთ და გადასახადებსაც იხდიან. ჩემი აზრით, შენ თუ გადასახადებს იხდი, მაშინ უნდა გქონდეს შესაძლებლობა, განაცხადო, რაში გინდა, ეს ფული დაიხარჯოს და საით უნდა წავიდეს მთავრობა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
საკანონმდებლო ცვლილებებით, დიდი ბრიტანეთის 1,5 მილიონ მოქალაქეს საშუალება ექნება, მომდევნო არჩევნებში საკუთარი არჩევანი პირველად გააკეთოს.
ამას გარდა, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, პირადობის მოწმობის გარდა, ასევე ექნებათ საბანკო ბარათების წარდგენის შემთხვევაშიც.
ასევე, გამკაცრდება პოლიტიკური პარტიებისთვის გაკეთებული შემოწირულობების კონტროლი.
დიდ ბრიტანეთში მომდევნო საპარალამენტო არჩევნები 2029 წელს არის დაგეგმილი.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში არჩევნებში მონაწილეობის ასაკი უკანასკნელად 1969 წელს 21-დან 18 წლამდე შემცირდა.