
დავდექით ფეხზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დღეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისეთი დამოუკიდებელია, როგორი ხარისხიც აქამდე არც გვქონია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია საკუთარ მოქმედებებში ეროვნული ინტერესებიდან გამოდის და დასავლეთისგან შეფასებების დროს ობიექტურობას ელოდება.
„დამოუკიდებლობის დღევანდელი ხარისხი გვაძლევ საშუალებას, თამამად და, პირველ პირში, ყველას ბოლომდე სიმართლე ველაპარაკოთ. ვუთხრათ, რომ არარელევანტურია, მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონის“ ხსენება, იმიტომ, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღეთ, ამერიკული კანონი „ფარა“, რომელიც პირდაპირ გადავწერეთ, პირდაპირი თარგმანი გავაკეთეთ და ამაზე ვერავინ ამოიღო ხმა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიცრუის ქვეშ ამყოფეს თავიანთი მომხრეებიც, ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, მთლიანად ვერა, როდესაც „გამჭვირვალობის კანონი“ გააპროტესტებინეს და ორი წელი რუსული კანონი აძახებინეს, ხოლო გაცილებით მკაცრი კანონი, ამერიკულიდან პირდაპირ ნათარგმნი საერთოდ აღარავინ გააპროტესტა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ გამოაშკარავდებოდა მათი სიცრუის ფსკერამდე დასული ხარისხი. შესაბამისად, სიმართლეს ყოველთვის ვიტყვით. ყველაფერი, მათ შორის ამერიკული „ფარაც“, „გამჭვირვალობის კანონიც“, სხვა კანონებიც და გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში მივიღეთ, ერთადერთს ემსახურება – საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, არის უმყარესი საფუძველი შემდგომი განვითარების, რეალური, ქრისტიანული, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვის, ჩვენი, ქართული სახელმწიფოს რეალური წარმომადგენლობის ევროპაში და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის. ეს არის მყარი რეალური გარანტიები. საპირისპირო მიმართულებით სიარულს როდესაც გვაიძულებდნენ, მათ შორის სანქციებს, ომში ჩართვას და ა.შ., ეს იქნებოდა იმის მყარი გარანტია, რომ პირიქით მომხდარიყო ყველაფერი, ამიტომ არ წავყევით ამ ყველაფერს“, – განაცხადა მამუაკა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის ობიექტურ შეფასებას მოითხოვს.
„სადიალოგო არავისთან არაფერი გვაქვს, ობიექტურ შეფასებას მოვთხოვთ ყველას ჩვენ მიერ გადადგმული რეალური ნაბიჯების, რომელიც არის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს, საბედნიეროდ, ამის თქმის საფუძველი გვაქვს და ვბედავთ ამის თქმას. პირდაპირ ვაღიარებ, 5 და 6 წლის წინათაც კი, ასე თამამად ვერ ვლაპარაკობდით, მათ შორის, ეროვნულ საკითხებზეც კი, რადგან აქ გვჭირდებოდა ბევრი პოლიტიკური სვლა, რომ, ერთი მხრივ, გავფრთხილებოდით სახელმწიფოს, სუვერენიტეტს და, მეორე მხრივ, გარკვეული ლავირებები მოგვეხდინა. დიალოგის რეჟიმში დღეს ერთადერთზე ვართ თანახმა, რომ წინა პლანზე დაყენებული იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესები და პატივი სცეს ყველამ მის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, ეს ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, ეს არის მთავარი“. მისივე თქმით, ახლა საჭიროა მეტი კონტაქტი და მუშაობის გასაგრძელებლად შანსი უნდა მიეცეს დიალოგს. როგორც ალენ ბერსემ აღნიშნა, აპირებს, დაუკავშირდეს საქართველოს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს.