
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობას“ სალომე ზურაბიშვილისგან ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.
„მეც ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ტყვეა. პოზიცია არ შემიცვლია იმის მიხედვით, ვინ რას იტყვის, მაგრამ ფაქტიც უნდა ვთქვათ და არგუმენტიც. შეწყალებას ექნებოდა სიმბოლური მნიშვნელობა, შედეგი ვერ დადგებოდა და მაინც ვერ გამოვიდოდა სააკაშვილი ციხიდან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „რა არის, ბიჭო, რას ჩაებღაუჭეთ ამ თანამდებობებს, წარმოუდგენელია, ეგოს გამო პოლიტიკოსი პოლიტიკოსს არ ელაპარაკებოდეს, ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით, კოალიციური ხელისუფლება როგორ უნდა ყოფილიყო?“
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, დღის საკითხი არ არის ოპოზიციის ერთიანობა, არამედ – ახალი არჩევნების დანიშვნა. მისივე თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხში ოპოზიცია ერთიანია.
„მე არ მინდა, რომ ლევანის ნათქვამი, და შეიძლება სწორიც, გამოყენებული იყოს პროპაგანდისთვის. მე ვიცნობ „ოცნების“ პროპაგანდას ძალიან კარგად – „ოპოზიცია ვერ თანხმდება“, „ოპოზიცია სუსტია“. უფრო მეტი ვთქვათ, ლამის შინაპატიმრობაში ჰყავთ ღარიბაშვილი და არავინ საუბრობს, ტელევიზორთან გამოჩენა აქვს აკრძალული და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაცა ეგოებს ვერ თოკავს? გაერთიანება კი არა კოორდინაციაში ვართ ახლა, ესაა პირველი საფეხური. ხაზი გენერალური პროპაგანდის არის, რომ „ოპოზიცია ვერ თანხმდება“, „ოპოზიცია სუსტია“, „ოპოზიცია დაიკარგა“ – ამ დროს, როცა დასჭირდებათ, იმავე ნარატივით გეტყვიან, რომ ოპოზიციას გადატრიალება უნდა, ძლივს ვიკავებთ მშვიდობასო; სუსტები თუ ვართ, მერე მშვიდობას იკავებთ, ეგ როგორ ჯდება ერთმანეთთან? ან – მიდიან და სანქციებს გვიწესებენ ეს მოღალატეებიო, მეორე წუთში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია გაქრაო; თუ გავქრი, როგორ გიწესებ სანქციებს? ხომ უნდა იყოს რაღაც ლოგიკა? – დილას სხვას ამბობენ, საღამოს – სხვას.
დღეს დღის საკითხად არ დგას ოპოზიციის ერთიანობა, საკითხია, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ საკითხში ოპოზიცია ერთიანია; რეჟიმის სანქცირება რომ უნდა მოხდეს, ამ საკითხშია ერთიანი და ის, რომ დამნაშავეები, ვინც ხალხს უსწორდებოდა ათი დღის განმავლობაში, ძალადობდა ქუჩაში, ყველამ პასუხი უნდა აგოს, ამაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვართ ერთიანი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.