
წესით დღეს არ უნდა დამიჭირონ, პროცესუალურად თუ შევხედავთ. პორცია-პორცია მიჭერენ, – ამის შესახებ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდებულ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ მისი პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურას ორი მოწმე ეყოლება წარმოდგენილი.
„მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, როგორც ვიცი, არ გამოვრიცხავ, მოწმეებიც მოიყვანონ და ის მთავარი ვაჟბატონიც მოიყვანონ, როგორც პროკურატურა ამბობს, დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ოღონდ კაციშვილი რომ არ იცნობს – ალი ბაბაევი, სინამდვილეში სუს-ის პროვოკატორი, რომელმაც მთელი ის პროვოკაცია დადგა, ქუჩაში მოვდიოდი, შემაგინა. ძალიან მაინტერესებს მოვიდეს და მოჰყვეს თავისი მათხოჯური ვერსია. დღეს წესით, არ უნდა დამიჭირონ. ეს მუხლი აბსოლუტური ბოდვაა, მედავებიან, რომ პოლიტიკური ნიშნით ვდევნიდი ვინმე ალი ბაბაევს, უტრირებულად არ ვამბობ, თურმე ის ყოფილი დიდი და ცნობილი პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, ასე ამბობს პროკურატურა. ცემის მუხლი კი არ არის, ან ხულიგნობა კი არა, პოლიტიკური დევნა – მაქსიმუმი, იქიდან რაც შეეძლო პროკურატურას და “ოცნებას” გამოედნო, ეს არის. არადა ამ ინციდენტის შემდეგ მოხდა გიორგი გახარიაზე თავდასხმა, როცა ის სცემეს, კადრები არსებობს, ამ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს და არა პოლიტიკური დევნით, ანუ პროკურატურა და “ოცნება” ამბობს, გახარია პოლიტიკური მოღვაწე არ არის, კაცს, რომელსაც ყველა პოლიტიკური თანამდებობა ეკავა და ალი ბაბაევია დიდი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეხი კი დაეცა პროკურატურასაც, ალი ბაბევსაც და ალი ბაბევის მსგავს პოლიტიკურ მოღვაწეს, რა თქმა უნდა, ეს ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა”,- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.