დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და ყველა საკითხს სასამართლო ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს. სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნაში იღებს პარლამენტი მონაწილეობას. რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, სამართლებრივად გამართული საკანონმდებლო წინადადება ან რეკომენდაციები, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოხმარდებოდა, არ ისმის, იმიტომ, რომ დღეს სასამართლო სისტემას სამართლებრივად გამართული ბაზა აქვს“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მან ყურადღება გაამახვილა წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს სისტემაზე, როდესაც ყველა მოსამართლე, პრეზიდენტის ხელდასხმით, მისი უშუალო ხელმოწერით და ბრძანებით ინიშნებოდა.
ირაკლი ქადაგიშვილმა რამდენიმე ამონარიდი წაიკითხა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, რომელიც „რუსთავი 2-ის“ საქმეს ეხებოდა. მისი თქმით, სტრასბურგში წაღებული ყველა საქმე ყოველთვის საქართველოს მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილებით გვიბრუნდება უკან.
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ნათლად ჩანს ოპონენტების მიზანი, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლი. ამის კონკრეტულ მაგალითად კომიტეტის თავმჯდომარემ 2003 წლის არჩევნები გაიხსენა, რომლის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინებით, არაქვემდებარე სასამართლოს გადასცეს არჩევნების შედეგის გაუქმება.
„უპრეცედენტო რამ მოხდა, გააუქმეს არჩევნების ერთი ნაწილი – პროპორციული სიები და დატოვეს მაჟორიტარები. აქ პირდაპირ გამოჩნდა მიზანი – სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს მიზანი ამოძრავებს დღეს „ვეტინგის“ მქადაგებლებს, რაც საქართველოს სასამართლოს მიმართ დაუშვებელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.