“დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია” – პრემიერი

86
spot_img

ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ასე – გამოიჩენდა სტრატეგიულ მოთმინებას და გონიერებას, რომ ქვეყნისთვის აერიდებინა დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსნებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, რაც უკრაინაში მიმდინარე ომთან და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით არის.

„გაუგებარია ეს აჟიოტაჟი, თუმცა, სხვა თემა რომ არ დარჩენიათ, რაღაცაზე ხომ უნდა ეხმაურათ. შემდეგ გარედან ვიღაცები დაიხმარეს და არაფრისგან აჟიოტაჟი შექმნეს. მე რაიმე ახალი გითხარით, რაც არ იცით? დღეს ქვეყანას უსაფრთხოების არავითარი გარანტიები არ გააჩნია, ნულია. ჩვენ გვეკუთვნის და განვკარგავთ ჩვენი ქვეყნის ბედს და მათ შორის უსაფრთხოებასაც, ყოველგვარი გარანტიების გარეშე. დღეს, რაც ვიცით, ერთადერთი, გარანტიების მიმცემი ორგანიზაცია არის ნატო, რომლის წევრი არ ვართ და არც ევროკავშირის წევრი არ ვართ ჯერჯერობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის, ეს არის ქვეყნის შიგნით არსებული უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარები. მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეს არის დიდი გამოწვევა. ამ ვითარებაში მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება. მთელი ტერიტორიის დაახლოებით 20% მთლიანად მიწასთან გასწორებული და ოკუპირებულია. ომი არ ჩერდება. ყველა გონიერი და პატრიოტი ხელისუფალი მოიქცეოდა ისე, რომ გამოიჩინოს სტრატეგიული მოთმინებაც და გონიერება, რათა ქვეყანას აარიდოს დამანგრეველი მორიგი ომი და ოკუპაცია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვირჩევთ სტრატეგიული მოთმინების გზას და პოლიტიკას, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით. ნახეთ, რომ ბოლო 10 წელია, ამ პრაგმატულ, ინტერესებზე გათვლილმა პოლიტიკამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. ერთადერთი შემთხვევა ჩვენი მმართველობის დროს, როდესაც ქვეყანას არ ჰქონია ომი და არავითარი სერიოზული კონფლიქტი. ამას ხომ უნდა გაფრთხილება, შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამყარება? მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის სახით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.