დღეს, პარლამენტში შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართება

23
spot_img

დღეს, პარლამენტში შექმნილი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ბიზნესზე ზემოქმედების ერთ-ერთი საქმის განხილვა, რომელიც შპს „მაგნატსა“ და მის მფლობელს, ჯემალ ლეონიძეს უკავშირდება.

როგორც ლეონიძის ჩვენებიდან ირკვევა, საქმის მთავარ მოქმედ პირთა შორის არიან „თბს ბანკის“ მფლობელები, ახლა უკვე პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ საგამოძიებო კომისიისგან შესაბამისი უწყებები გაეგზავნათ, რაც ავალდებულებთ კომისიის წინაშე წარდგნენ და საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებს უპასუხონ, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, აპირებენ თუ არა ხაზარაძე-ჯაფარიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

„ეს ბიზნესი მის მფლობელს ჩამოერთვა იძულების წესით და ამაში, როგორც მისი ჩვენებიდან ჩანს, მონაწილეობდნენ „თბს ბანკი“ და მისი მესვეურები. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მოუსმინოს თავად დაზარალებულ პირს, მოუსმინოს მის ადვოკატს.

სხდომაზე ასევე მოწვეული არიან „თბს ბანკის“ მფლობელები, ბატონი ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. მათ შესაბამისი უწყებები დაგზავნილი აქვთ და ისინი ვალდებულები არიან გამოცხადდნენ კომისიის წინაშე, რათა მისცენ შესაბამისი ჩვენება“, – აღნიშნა კომისიის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა პაატა სალიამ.

„კომპანია „მაგნატი“ და მისი დამფუძნებელი კიდევ ერთხელ შეახსენებენ საზოგადოებას, თუ რა სქემით და როგორ წაართვეს თავისი წილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „თბს ბანკისა“ და კონკრეტულად, ხაზარაძე-ჯაფარიძის დახმარებით. ეს არ იქნება ბოლო ქეისი, კიდევ მეტს იხილავს საზოგადოება, რასაც ასევე შევპირდით, იმ მტკიცებულებებსა და ცოცხალ მოწმეებს, რომლებიც ცოცხალი დატოვეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მათმა „პარტნიორებმა“, – განაცხადა კომისიის წევრმა, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.