
მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
ყურაშვილის თქმით, არ აქვს უფლება, 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გასცეს პასუხი იქიდან გამომდინარე, რომ „ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ, დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან მივიდეს და უთხრას, თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვსო. ვერ დავუშვებ, ეს ვინმეს ვათქმევინო“.
ამასთან, როგორც მამუკა ყურაშვილმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში მოწმის სახით არის დაკითხული და მზად არის, კომისიის შეკითხვებსაც უპასუხოს.
„ქალბატონო თეა, თქვენ არაერთი ღამე გაქვთ გათენებული, ჰააგის ტრიბუნალი იცით და ყველა პატივცემულმა სტუმარმა, ვინც აქ არის მობრძანებული. მე იმით განვსხვავდები, რომ დაკითხული ვარ ჰააგაში, ვარ მოწმე. ბევრ კითხვაზე შეზღუდული ვარ, ვერ ვუპასუხებ, რადგან გაუთქმელობაც არის. სხვადასხვა კომისიაზე ძალიან ბევრი ჩვენება მაქვს მიცემული, დაკითხული ვარ, მათ შორის არსებობს სტენოგრამები. 17 წლის თავზე მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე. იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ომი მომხდარი იყო, უფრო კარგად მახსოვდა და იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ყველა სიტყვას ვეთანხმები. შეგიძლიათ, გამოააშკარაოთ და აჩვენოთ ის ჩვენებები.
რაც შეეხება 2007 წლიდან და მანამდე პერიოდს, ყველა დეტალზე მზად ვარ, გიპასუხოთ. დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპონენტზე გენერალმა ზაზა გოგავამ ამომწურავი პასუხი გასცა. ჩემი ღრმა რწმენით, არ მაქვს უფლება, 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ, დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან ვინმე მივიდეს და უთხრას, თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვსო. ვერ დავუშვებ იმას, რომ ეს ვინმეს ვათქმევინო“, – განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.