საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით – მიუღებელია.
მისი თქმით, დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამას გაამართლებენ, არიან „გონჩარენკოები“ და მეორე ფრონტის გასახსნელად ყველაფერს აკეთებენ.
„ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ მოვისმინეთ, არ ვიცი დემარშია, დროებითი ღონისძიება თუ რა, ჩემთვის ერთადერთი სიტყვაა – ეს არის უსამართლობა. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომლის წარმომადგენლობა ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით, არც ერთი წამით ქართული საელჩო უკრაინაში არ დახურულა, განსხვავებით სხვა საელჩოებისა, რომლებიც გაიხიზნენ და ზოგი დღემდე არ არის იქ ჩასული და დახურულია საელჩოები. სტატისტიკით საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც უკრაინელების დახმარების კუთხით შედის სამეულში და მოწინავეა. ამ პატარა ქვეყანამ ეს შევძელით. ჩვენ ვართ, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ უკრაინელები, გავუხსენით სკოლები, ბაღები, უფასო ტრანსპორტი, მათ შორის, ქირას ვუხდიდით, დღემდე ვუხდით და არც ერთი ცენტი არ მიგვიღია დახმარების, ეს ყველაფერი ჩვენ შევძელით, პატარა სახელმწიფომ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის გვერდით დავდექით და დღემდე ვდგავართ, სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ თურმე ჩვენი საელჩო უნდა დაიხუროს და ელჩი გამოძევებულ იქნას. მე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ომშია ჩართული ქვეყანა და მისი ლიდერის გადაწყვეტილება… მე უბრალოდ ვიტყვი, რომ უსამართლოა და ამას არ იმსახურებს საქართველო, მათ შორის, შევახსენებ, წლების განმავლობაში ვთხოვდით, უკრაინას გადმოეცა საქართველოს მიერ ძებნილი და მისჯილი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, სააკაშვილი. არც ერთხელ არ განუხორციელებიათ ეს და დღეს მავანი მზად არის, რომ პატიმარ სააკაშვილისთვის, რომელსაც სხვათა შორის ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა დამსახურებულად სასჯელი, გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. პოლიტიკოსები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან, წავლენ, წამოვლენ, ურთიერთობები კი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით, კარგად მოგვდის ინფორმაციები, თუ როგორ ხდება, რომ ყველა სტრუქტურა, ყველა მედია ერთ ხმაში მუშაობს. ოპოზიციური არხი უკრაინაში არ არსებობს, ოპოზიციური აზრი არ არსებობს და ჩახშულია. ეს ხელწერა იცით, ხომ? სააკაშვილის ხელწერაა, როცა ის იყო ხელისუფლებაში, არც ერთი განსხვავებული აზრი იმ გადაწყვეტილებებზე, სადაც ხდება ყოველდღიურად ადამიანის უფლებების შელახვა და ამაზე საერთაშორისო მედია და უფლებადამცველებიც ხმამაღლა ამბობენ. მე არ მინდა ზელენსკის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გავაკეთო, პატივს ვცემ, ის არის ომში ჩართული ქვეყნის მთავარსარდალი, მაგრამ ამას არ იმსახურებს საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი საელჩო, რომელსაც არც ერთი წამით არ შეუჩერებია მუშაობა. ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამ ქმედებას გაამართლებენ, პირდაპირ გეტყვით, „გონჩარენკოები“ არიან და საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. ესენი არიან „გონჩარენკოები“, – განაცხადა ზარქუამ.