დღეს ლომისობის დღესასწაული აღინიშნება

152
spot_img

ლომისობის დღესასწაული სულთმოფენობის შემდგომ, პირველივე ოთხშაბათს აღინიშნება. მორწმუნეები არაგვისა და ქსნის ხეობაში იკრიბებიან. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს, მეორე კი – სოფელ მლეთაში. მომლოცველები ლომისობის დღესასწაულზე მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელმაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაიხსნა და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრდა მლეთის მთაზე. მას უძველესი დროიდან ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს ლოცვით სამგზის შემოუვლის.

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს უმეტესად ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ.

მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს – ისინი ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.