დღეს, მრავალგზის ჩემპიონი (ჭიდაობა, თავისუფალი სტილი) ლევან თედიაშვილი 76 წლის გახდებოდა. ქართველი მოჭიდავე, რამდენიმე დღის წინ, 17 თებერვალს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.
ლეგენდარული სპორტსმენი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2 -გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978).
მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.
გადღებულია რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ (1976 წ.), სადაც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.
ასევე, რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი”, სადაც მთავარ როლს ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს.
„ხარება და გოგიას” შემდეგ, მეორე სამსახიობო გამოცდილებაა. ნიუ-იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა, საუკეთესო სცენარისთვის.
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971). ვახტანგ გორგასალის II ხარისხის ორდენის, სოკის, ფილას, ღირსების ორდენების კავალერი. 1973 წელს დასახელებული იყო, საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.
ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა – 82 და 90კგ წონაში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100კგ წონით კატეგორიაში კი, ევროპის ჩემპიონის ტიტული.
1993–1995 წლებში იყო სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული კახეთის რეგიონში.
1993 წლის 22 სექტემბერს, აფხაზეთის ომის დროს, ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებულ თვითმფრინავს შეეწირა ლევან თედიაშვილის 19 წლის ვაჟი ვახტანგი.
მსოფლიო ჩემპიონის იუბილეს, სოციალურ ქსელში, მისი ვაჟი ბესარიონ თედიაშვილი ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს და ოჯახის არქივის ფოტოს აქვეყნებს:
„დღეს 76 წელი შეგისრულდებოდა. მშვიდად გეძინოს მამა და მალე შეხვდები ვახოს, რაზედაც ხშირად ლაპარაკობდი“ – წერს თედიაშვილი.