წელიწადზე მეტია, რაც გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე ორომტრიალია ატეხილი. ამ კანონს ხან რუსულობა დააბრალეს, ხან მის ავტორებს – მოღალატეობა. ეს კანონი კი ინიცირების დღიდან თავად ამუშავდა და ბევრი რამ უფრო ნათელი და გამჭვირვალე გახადა, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე შეფასებით, კანონპროექტმა უკვე მიაგნო შავ ფულსაც, მის მომხმარებლებსაც და მის მომწოდებლებსაც, ვინც ქვეყნის გარედან ცდილობს, ფულით იყიდოს ქართული პოლიტიკა და ქვეყანა გარე ძალებს დააქვემდებაროს და საკანონმდებლო ორგანოსაც საკუთარი „გემოვნებით“ მიაღებინოს კანონები.
„ეს რომ ასეა მომიტინგეებს შორისაც სწრაფად დადასტურდა. ორი ამერიკელი, ერთი რუსი და ერთიც მოლდოველი აქციაზე საქართველოს სუვერენიტეტს ინაწილებდნენ და ყველა სათავისოდ ესხმოდა თავს. ქართველები კი სამწუხაროდ, ზურგში აწვებოდნენ, რომ პოლიციის კორდონს მათი ქმედება არ შეეჩერებინა. მაგრამ მადლობა თითოეულ მათგანს, რომ აგენტურამ მზაკვრული გეგმა ვერ შეასრულა. ბევრი ეძახეს ამ კანონს რუსული, მაგრამ ის მაინც ქართული აღმოჩნდა და ქართულ საქმეს აკეთებს. ახალგაზრდებიც შეცდომაში შეიყვანეს. არ წაიკითხეს და ისე გააპროტესტებინეს. „რუსეთის მონობა არ მინდაო“ – ხშირად ისმოდა ქუჩაში. მარტო რუსეთის? და საერთოდ მონობა რად გინდა? თუ ცალ ფეხზე დგომა ევროპულად იქნა მისაღებია. რუსთაველზე, როგორც მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, უამრავი აქცია ჩატარებულა და საზოგადოება, დიდი თუ პატარა ყოველთვის საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ითხოვდა. დღეს კი დამოკიდებულებას და მორჩილებას ითხოვენ ქუჩაში. კუბილიუსმა და მილერმა რომ თქვა იმიტომ არის რუსულიო. ილიას ნათქვამი „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდესო“ აღარ გვინდა? „მამული, ენა, სარწმუნოება“ ცრუ ერთობის ძახილით ჩავანაცვლოთ და თავს დავესხათ ეკლესიას? აქციის წინა ხაზზე რომ ლგბტ ლიდერები გაგვეპარა – არ შევიმჩნიოთ? დღეს ბევრი კითხულობს, რად უნდოდათ ეს კანონი წინასაარჩევნოდ, ისედაც ხომ ყველაფერი დალაგებული ჰქონდათო? თავად დესტრუქციული ოპოზიცია გვირჩევს, რომ არჩევნების შემდეგ მიგვეღო, ასე რომ თავი დაიზიანეთ და წააგებთო. ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენზე დარდობენ? თავად ოპოზიციას და მის პატრონებს სწორედ საარჩევნო სჭირდებათ „შავი ფული“, რომ შეცვალონ ხელისუფლება, რომელიც გარე დაკვეთებს, ქვეყნის საზიანოდ უპირობოდ არ ასრულებს. და მერე გზა ხსნილი იქნება ომისთვისაც, სანქციებისთვისაც და ქვეყნის მორჩილებისთვისაც. ასე რომ, ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო, კარგად დაფიქრდით და მტრის წისქვილზე ნუ ასხამთ წყალს. ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყნის უსაფრთხოებაა გასაძლიერებელი და სუვერენიტეტი დასაცავი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, დღეს არც რუსეთუმეობის და არც ანტიდასავლურობის პრობლემაა.
„ყველაფერი ეს მოგონილია „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან მალე შეიცვლება და თავად ევროპაში დაბრუნდება ჭეშმარიტი დასავლური ფასეულობები, რომლის ნაწილიც აუცილებლად გავხდებით. ჩვენ კი გონიერება, მოთმინება და სიმყარე გვჭირდება. დღეს გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონს მიიღებს საქართველოს პარლამენტი და ძალიან მალე ქართული საზოგადოება თავად იხილავს, რამდენი რამ იყო მისთვის დამალული, რაც ქართველობის წინააღმდეგ მუშაობდა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.