დღეს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 16-17 არის ის რიცხვები, როცა ვიღაცებმა უნდა სცადონ საქართველოს დასჯა. გარკვეულწილად, ამის პრევენცია მოვახდინეთ იმ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენ გავაკეთეთ წინსწრებით, დავასწარით და მათ არეულობის რესურსი 100-ჯერ შევუმცირეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილის გეგმების პირველი ნაწილი უკვე დადასტურდა.
„ჩვენ თუ ახლა ტურბულენტობა სამი და ოთხი ბალის მივიღეთ, შეიძლება, ორჯერ მეტი ტურბულენტობა ყოფილიყო და ორჯერ მეტად მომზადებულები შეხვდებოდნენ ამ თარიღებს ის ადამიანები. გახარიამ აღიარა, რისთვის ემზადებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ახალ წლამდე რაღაც უნდა გაეკეთებინათ ისეთი, რაც ხელისუფლებას ამოაყირავებდა. მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა, პირველი ფაზა უნდა დავამთავროთ ტრამპის ინაუგურაციამდეო. მეორე ფაზა რას ნიშნავს, უკვე კითხვა და კომენტარებიც კი ზედმეტია. მეორე ფაზა არის ომი, ქაოსი ამ ქვეყანაში, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება და უმალვე ომის დაწყება. ჩვენ თითქოს რაღაცებს ვიგონებთ და თავადვე წამოსცდებათ ხოლმე ეს ამბები. 16-17 დადასტურდა, ინაუგურაციამდე მათი გეგმების პირველი ნაწილი დადასტურდა, რაღა დარჩა? დარჩა კიდევ კითხვის ნიშნები? აღარ დარჩა. ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, ვინც კი შესაძლოა, ოდნავ მაინც ობიექტურად მოფიქრალი იყოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და განიხილავენ საქართველოს საკითხს. საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე. ასე რომ, მოდით, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირაში“.