დღეს ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება – ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის რეალური ძალა და სურვილი აქვს, „ქართული ოცნებაა“ – კახა კალაძე

12
spot_img

დღეს ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის რეალური ძალა და სურვილი აქვს, ეს „ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ლიდერების საარჩევნო გზავნილებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც მმართველი პარტია ატარებს, ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიიყვანს, რა საკითხზეც ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.

„სამწუხარო მოცემულობა გვაქვს. ჩვენ გვახსოვს მთელი თვეების განმავლობაში, როგორი მოწოდებები მოდიოდა მეორე ფრონტთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით, საუბარი იმაზე, რომ ურჩევნიათ ბომბები ცვიოდეს, ასეთი პოლიტიკისა და განცხადებების მაგივრად და ა.შ. ეს საფრთხეები არსად წასულა, ჯერაც არსებობს, იმის გათვალისწინებთ, თუ რა ხდება რეგიონსა თუ მსოფლიოში. შესაბამისად, დღეს ჩვენ მაქსიმალურად გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის რეალური ძალა და სურვილი აქვს, ეს ‘ქართული ოცნებაა“.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია და ემთხვევა თითოეული ქართველის განწყობასა და ფიქრს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. დღევანდელ მოცემულობაში ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან და აფხაზებთან.

ყველა ხედავს თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კოლექტიური სახით არის წარმოდგენილი, გარედან იმართება. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ, რომელიც ქვეყნის ინტერესებთან აცდენაშია. მათ აქვთ კონკრეტული დავალებები. გვახსოვს თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ მეორე ფრონტთან, სანქციებთან დაკავშირებით. ამ ყველაფრით ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა დაზარალდებოდა. ამიტომ ეს საფრთხეები დღესაც არსებობს და გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ლიდერების მხრიდან მნიშვნელოვანია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, არის საკითხები, რომლებზეც ღიად ვერ ვსაუბრობთ, თუმცა მოსახლეობა დღეს ნათლად ხედავს საფრთხეებს და გამოწვევებს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, რომ დავიცვათ ამ ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.