დღეს აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, ზაფხულში მეწურება ვადა და ვბრუნდები ისრაელში, მუდამ მადლიერი ვიქნები საქართველოსი, რომ ჩემი ქვეყნის გვერდით იდგა ყველაზე რთულ მომენტში-ისრაელის ელჩი 

6
spot_img

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 77 წლის იუბილეს. დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე ჩემთვის ელჩის რანგში ბოლო ღონისძიება იქნება, რადგან ზაფხულში მეწურება ვადა და ვბრუნდები ისრაელში. მუდამ მადლიერი ვიქნები საქართველოსი და ქართველი ხალხის, რომელიც ჩემი და ჩემი ქვეყნის გვერდით იდგა ყველაზე რთულ მომენტში, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა.

როგორც ელჩმა ისრაელის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, წელს საელჩოს განსაკუთრებული სტუმარი ჰყავს, გადი მოზესი, ადამიანი, რომელიც ტერორისტებს იზოლაციაში ჰყავდათ 482 დღის განმავლობაში.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 77 წლის იუბილეს, ჩვენთვის ყოველი წელი განსაკუთრებულია, მაგრამ წელს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს, გადი მოზესი, რომელიც ყოფილი მძევალია, ტერორისტებს იზოლაციაში ჰყავდათ 482 დღის განმავლობაში. ის წელს, იანვარში გაათავისუფლეს და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ გადის აქ ყოფნით, რადგან ეს მისი 43-ე ჩამოსვლა იქნება საქართველოში. ის აქ წლების განმავლობაში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთში, მარნეულში, კახეთში და თავის ცოდნას უზიარებდა ქართველ ფერმერებს და ჩვენთვის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გასულ წელს მასზე ბევრს ვლაპარაკობდით. წელს უკვე ჩვენთან ერთად ზეიმობს. ამასთანავე, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს 58 მძევალი, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში რჩებიან წყლისა და საკვების გარეშე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ და ჩვენი გზავნილი მსოფლიოსთვის, არა მხოლოდ დღეს, არამედ ყოველდღიურად, არის ის, რომ დადგნენ ჩვენ გვერდით „ჰამასისადმი“, ამ ფანატიკური ორგანიზაციისადმი მოთხოვნაში, რომ დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებული მძევლები. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც მიწის ქვეშ არიან 600 დღეზე მეტია. ეს არაჰუმანურობის ზღვარს სცდება და ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამოცანაა. დღევანდელი დამოუკიდებლობის დღე საქართველოში, ჩემთვის, ელჩის რანგში ბოლო ღონისძიება იქნება, რადგან ზაფხულში მეწურება ვადა და ვბრუნდები ისრაელში. მუდამ მადლიერი ვიქნები საქართველოსი და ქართველი ხალხის, რომელიც ჩემი და ჩემი ქვეყნის გვერდით იდგა ყველაზე რთულ მომენტში. ეს არის ის, რაც ჩემთან ერთად მიმაქვს და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ძლიერი სოლიდარობის, რომელიც მოდიოდა ამ ქვეყანაში ყველასგან და, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანისთვის, ამისთვის მუდამ მადლიერი ვიქნები“, – განაცხადა ელჩმა.