„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები არიან ძალიან კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად, რომელიც იქნება „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა.
ამის შესახებ მან 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„გამოჩნდა ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა. აბსოლუტურად მკაფიო პოზიციაა არჩევნების მოპარვასთან დაკავშირებით. არცერთი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით რა მოხდა, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. ისინი ხედავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა. ასევე, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხი იბრძვის. ასევე, ხედავენ ოპოზიციურ ერთობას და არიან ძალიან კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად, კონკრეტული ნაბიჯებისთვის ევროპის მხრიდან, რომელიც იქნება „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და რომელიც იქნება მხარდაჭერა ქართველი ხალხისთვის. დღეს, 19:00 საათზე რუსთაველზე უნდა შევიკრიბოთ, მოვლენ ჩვენი პარტნიორები, მიმართავენ ხალხს და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ევროპელები.
ძალიან ბევრ, კონკრეტულ და შედეგიან ნაბიჯებზე იყო საუბარი, რაზეც ისინი იმუშავებენ. მათ შორის საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე. აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ ზეწოლისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მძლავრი, არის განხილული“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.