„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 4 მოთხოვნა გააჟღერა, რომლის გარშემოც, მისი თქმით, ამ შეკრების შემდეგ უნდა გაერთიანდნენ.
ხაბეიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა, რის გარეშეც დეპოლარიზაცია „არ გამოვა“.
„არის 4 მთავარი მოთხოვნა, რომელთა გარშემოც უნდა გავერთიანდეთ ამ შეკრების შემდეგ. პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნა – თქვენ ნახეთ აშშ-ის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს, დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა უნდა მოვითხოვოთ. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი – დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა. მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი: ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცესკოს რეფორმა. დეოლიგარქიზაცია ჰქვია იმას ,რომ ბიძინას პირადი ბანკირები, მცველები, „შნირები“ და მოურავები არ უნდა იყვნენ მთავრობაში, რომლებიც ქართველ ხალხს არ აურჩევია. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო გთავაზობთ დისკუსიას, ერთობას, საერთო ბრძოლის ხაზს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები გვერდზე და შემოგვიერთდით. ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.