პარლამენტის სასესიო დარბაზში, პლენარული სხდომის შესვენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დარბაზში მედია არ იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება ოპოზიციის მხრიდან „მოღალატის“ შეძახილმა გამოიწვია.
„ყველამ დაიმახსოვრეთ, დედას შევიგინები, როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ. რამე გინდა, მითხარი? დედას შევიგინები მოღალატეს ახსენებთ თუ არა, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. აგერ, დევი [ჭანკოტაძე] ხომ არის? თქვი, აბა, დაგაბრალეს თუ არა ომის დაწყება რეზოლუციით? თქვენ ხართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის დეპუტატებს.
მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრი ანა წითლიძე გამოეხმაურა. „მაგარი ბიჭი ხარ? კამერები არ არის და შეგიძლია [კამათი], თუ რა არის, ვერ გავიგე?“ – განაცხადა წითლიძემ, რაზეც მდინარაძემ უპასუხა: „ხო, მაგარი ბიჭი ვარ…შენ ხომ იღებ[ვიდეოს], გადაიღე. ქვეყნის მოღალატე ხარ, იმიტომ, რომ „ნაცი” ხარ, შენ ხარ რუსული საქმის მკეთებელი და პროვოკატორი, ტუტუცი გოგო ხარ, უზრდელი ხარ”, – მიმართა მდინარაძემ ანა წითლიძეს.
ამის შემდეგ ანა წითლიძემ მდინარაძეს უთხრა, რომ ის მოღალატეა. „რუსი მოღალატე, გაეთრიე მართლა. რამდენს ბედავ, უზრდელო. კამერები გაიყვანა ბიჭმა, დგას 50 კაცში და „ბლატაობა” შეუძლია “, – აღნიშნა წითლიძემ.
მამუკა მდინარაძემ წითლიძეს უპასუხა, რომ მას თავს არ უყადრებს და ზოგადად, ყველას მისამართით საუბრობს.
„მოღალატე სიტყვის შეჩვევას თავი დაანებეთ! მთელი ცხოვრება თქვენ აკეთებდით რუსეთის საქმეს“, – მიმართა ოპოზიციას მდინარაძემ.