დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიურ რეჟიმში მორეცხვა გრძელდება

73
spot_img

დედაქალაქის ქუჩები სპეცტექნიკით ყოველდღიურად ირეცხება. ამჯერად კოსტავას ქუჩა, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები, ასევე, მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები და კონტეინერები მოირეცხა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო.

„ზაფხულის ცხელ დღეებში ქუჩების ინტენსიური მორეცხვა დავიწყეთ. ეს სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა რაიონში ცენტრალური ქუჩები იქნება დასუფთავებული, ასევე მოირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები და ტერიტორია, სადაც ეს ურნებია განთავსებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ცნობითვე, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 100-მდე ქუჩას, მიწისქვეშა გადასასვლელებს და ნაგავშემკრები კონტეინერებს სისტემატურად რეცხავს.

„აღნიშნული ქუჩები კვირაში 2-3-ჯერ, ზოგ შემთხვევაში ყოველდღე ირეცხება. გარდა ამისა, მიმდინარეობს დასუფთავების აქციები და საჭიროების შემთხვევაში, ეს პროცესი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

დღესვე გზის სავალი ნაწილი მოირეცხა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე.

დედაქალაქის მასშტაბით, მორეცხვის სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ყოველდღიურად, ღამის პირველ საათზე იწყება და დილის 06:30-მდე გრძელდება. სამუშაო პროცესში ჩართულია 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.