„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
ქართველიშვილი სვამს კითხვას – რატომ გახდა იძულებული ხათუნა სამნიძე, თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში.
„როდესაც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობადი სახე, ექს-ომბუდსმენი გიორგი ტუღუში იძულებული იყო თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ნაწილობრივ მაინც ემხილა ჯალათობრივი რეჟიმი, გებადებოდა კითხვა, რატომ გააკეთა ეს?
როდესაც ნაცების ერთგული VIP-მომხრე კაკო ბობოხიძე პირდაპირ ეთერში გვეუბნება: “რომ არა ჩვენი საარჩევნო მანიპულაციები 2012 წელს, ოცნება 70%-ს აიღებდა” კვლავ გებადება კითხვა, რა მოტივაციით “ჩაუშვა” მან თავისი კოლეგები და საჯაროდ ამხილა ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში?
როდესაც „ნეო-ნაცი” ხათუნა სამნიძე იძულებული გახდა თავისი ახალი კოლეგები დაედანაშაულებინა საქართველოსთვის ევრო-სტატუსის მინიჭების პროცესში გამიზნულ ხელის შეშლაში კვლავ იგივე შეკითხვა გებადება, რა ხდება?
ჩემი აზრით, ხდება ამ კორპორაციისთვის დამახასიათებელი პროცესის მორიგი მცდელობა “ახალ მატარებელში” გადაჯდომის სახით. იმ მატარებელში, რომელმაც 2024-ის არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს ისინი, ახალი “მემანქანითა” და ახალი “ბორტგამცილებლებით”…
როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილთან ვიზიტებმა არ ჩაიარეს უშედეგოდ და ვიზიტორებმა საჭირო რჩევა-დარიგებები მიიღეს. აშკარად “დაემთხვა” ეს ყველაფერი აშშ-ს ახალი ელჩის ჩამოსვლას და ქართულ პოლიტტექნოლოგებში საჭირო კორექტივების შეტანას – „ნაცსექტა“ ჩასაძირია, ხოლო მორიგი “პლასტიკური ოპერაციის” შემდეგ, “განახლებული” „ნაცები“ ცდილობენ ახალ პოლიტიკურ მომავალში “სუფთა ხელებით” შემოაბიჯონ…“, – წერს ქართველიშვილი.