„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გიგი უგულავას პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ის პირები, რომლებიც მანამდე სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ფლობდნენ და ეკლესიებს ანგრევდნენ, დღეს ბარძიმებშიც იხედებიან და ცდილობენ ამ მხრივ გააკონტროლონ, ვინ რას აკეთებს.
„ესენი ხომ გახსოვთ? 9 წელიწადი ჩვენს საძინებელ ოთახებში რომ „იჭყიტებოდნენ“ და პარალელურად, თბილისსა და ბათუმში ეკლესიებს რომ ანგრევდნენ. დღეს კიდევ უკრაინაში დატოვებული თავისი „მედესანტეების“ ხელით მართლმადიდებელ მიტროპოლიტებს რომ იჭერენ, ეკლესიებს აფეთქებენ, საუკუნოვანი სიწმინდეები რომ გააქვთ ევროპაში – აი, ესენი გველაპარაკებიან „მაღალ მატერიებზე“…
დღეს უკვე არა საძინებლებში, არამედ ბარძიმებში იჭყიტებიან, იხედებიან მიცვალებულთა სასახლეებში – ვინ როგორ ეზიარება, ვის რატომ უგებენ წესს. „კვეთებულის“ ლოცვა კი არა, ქართულ კაცთმოყვარე ეკლესიას ანათემაზეც კი არ გადაუცია არავინ. არადა, რამდენი იმსახურებს ამას სულიწმიდის ღიად გმობის გამო. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და მომიტევეთ. სატანისტური დახურული ჯგუფების აქტიური წევრები და ყოფილი „სტიქაროსნები“ ადამიანების ცხოვრების საკრალურ სფეროებშიც ძვრებიან უკვე და საეკლესიო საიდუმლოებები საქილიკოდ აღარ ჰყოფნით“, – წერს ქართველიშვილი.
გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ეზიარებიან შოვში კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე და წერს: „ეჰ! სადაა პატრონი, თორემ ამათ ზიარება კი არა, კვეთებულის ლოცვა მოუხდებოდათ. პ.ს. კვეთებული – ეშმაკის განსადევნი ლოცვა“.