დავით კოდუამ მითხრა, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთ, ნაკვეთი უნდა გადმოგვიფორმოთო, ის პერიოდი იყო, როცა მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად -ალექსანდრე მეგუთნიშვილი

0
spot_img

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ბიზნესმენ  ალექსანდრე მეგუთნიშვილს უსმენენ.

ალექსანდრე მეგუთნიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, 2009 წლის სექტემბერში ძმებმა კოდუებმა როგორ დაათმობინეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის განმარტებით, სოფელ წინანდალში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმრო „რედისონის“ წინ მდებარეობს, 2009 წელს ძმებმა დავით და ერეკლე კოდუებმა დაიბარეს და აიძულებდნენ მის გაყიდვას 15 000 ლარად.

„2004 წელს, გადატრიალების შემდეგ მე ბიზნესსაქმიანობა დავიწყე ჩემს მეგობართან, ელდარ მილდიანთან ერთად. 2009 წლის სექტემბერში ქარხანაში მოვიდა პიროვნება, ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ კოდუებს, დაასახელა ერეკლე და დათო, ჩვენთან უნდოდათ გასაუბრება. ჩვენ მათთან არანაირი ბიზნეს გადაკვეთა არ გვქონია, გაგვიკვირდა, კოდუებს ჩვენთან რა საქმე უნდა ჰქონოდათ. ერეკლე კოდუა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილე, დავით კოდუა კი ე.წ. ბიზნესმენი, თუ რამე აქვთ მოპოვებული ყველაფერი წართმევით. მეორე დღეს ჩვენ უნდა შევხვედროდით მათ ქავთარაძეზე „ლეჩკომბინატში“. ჩამოვედით, შეგვიყვანეს კოდუას კაბინეტში. შესავალი იყო ასეთი, თქვენ ხომ გვიცნობთ, ჩვენ ვინ ვართ. ერეკლე კოდუამ, მეორე ძმამ ვერ შეძლო მოსვლა სამსახურებრივი სიტუაციიდან გამომდინარე და დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ ჩვენ გვქონდა წინანდალში საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი , რომელიც 2007 წელს იქნა აუქციონზე შეძენილი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს სასტუმრო „რედისონის“ წინა ეზოს. ტყესა და „რედისონს“ შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი ნაკვეთი. დავალება იყო ასეთი, რომ ეს ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა მათთვის. ეს ის ნაკვეთია, სადაც დღეს ვენახია გაშენებული“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.

მეგუთნიშვილის თქმით, მას დავით კოდუა დაემუქრა და უთხრა: „ხომ იცი, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთ“.

„ჩვენ უარი განვაცხადეთ, რადგან ვალი არავისი არაფერი გაგვაჩნდა. რატომ უნდა დამეთმო ეს ნაკვეთი. ვუთხარით, რომ ჩვენ თავად გვქონდა მონახაზი და გვყავდა ბიზნეს პარტნიორიც, რომელსაც ველოდებოდით, ნაკვეთი გავასუფთავეთ, თავის დროზე ბარდით და ჯაგით იყო სავსე. მათ თქვეს, რომ ფულს გადაიხდიდნენ და შემოგვთავაზეს 15 000 ლარი, რაზეც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ფულს არ ავიღებდით. დავით კოდუამ მითხრა, ხომ იცი, ჩვენ ვინც წინ დაგვიდგება, ყველას კისრებს დავამტვრევთო. ეს ის პერიოდია, როდესაც მათ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, რასაც უნდა, იმას რომ აკეთებდნენ, ის პერიოდია. ჩვენ ვუთხარით, რომ თანხა არ გვინდოდა და სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი მოეცათ. იქვე იყო პატარა ნაკვეთი და შევთავაზეთ, იმაში გაეცვალათ. ორი დღის შემდეგ ჩამოგვიყვანეს ისევ „ლეჩკომბინატში“. გვითხრეს, რომ ის თქვენი დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტს სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა. თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადმოაფორმოთ ჩვენზე, თუ არა და ცუდადა წავა ეს საქმეებიო. ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, 2009 -2010 წლები, მათი გაფურჩქნის წლები. „ომი მოგებულია“, ნაზეიმარი აქვთ, რასაც უნდა აკეთებდნენ. გვითხრეს, რომ მეორე დღეს ჩამოვიდოდნენ თბილისიდან და ის ნაკვეთი უნდა გადაგვეფორმებინა. ჩამოვიდა ისევ ის პაატა გოგიაშვილი, ორი, თუ სამი პიროვნება ჰყავდა. მანქანით ჩამოვიდნენ, მოგვაკითხეს ისევ საწარმოში, წავედით ჩვენ ჩვენი მანქანებით, აგვიყავნეს თელავში, ნოტარიუსში და გადავაფორმეთ აღნიშნული მიწის ფართობი და სიმბოლურად გავაკეთეთ ვალის აღიარების ხელშეკრულება 50 000 ლარი, თუ დოლარი, აღარ მახსოვს“, – განაცხადა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა.