დავით კირთაძემ დღეს მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა საპროტესტო აქტით კალანდარიშვილის წინააღმდეგ, მადლობა მას სიმართლისა და გამბედაობისთვის -თინა ბოკუჩავა

24
spot_img

დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა საპროტესტო აქტით კალანდარიშვილის წინააღმდეგ და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც გიორგი კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით არჩევანი მოპარა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, კალანდარიშვილმა დღეს სითხე ჩამოირეცხა, მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს.

ამასთან, ბოკუჩავამ დავით კირთაძეს მადლობა გადაუხადა გამბედაობისთვის.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ადამიანის სახე. ესენი არიან: ლევან ხაბეიშვილი, დიმა ჩიქოვანი, გია ჯაფარიძე და დავით ქაცარავა. არის გიორგი კალანდარიშვილის, არჩევნების ქურდის სახე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს მოჰპარა არჩევნები და ამით – ევროპული მომავალი. საგულისხმო ამ ყველაფერში კი ის არის, რომ პირველ ოთხ შემთხვევაში, სადაც ადგილი ჰქონდა ზღვარგადასულ ძალადობას, ხელისუფლების დაკვეთით დაკავებული არავინ არის. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობის“ ცესკო-ს წევრის, დავით კირთაძის, რომელმაც დღეს მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა საპროტესტო აქტით არჩევნების ქურდის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, მის წინააღმდეგ რეჟიმმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით. თავად ეს მუხლიც აბსურდულია, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა ის ფარსიც, რომელიც კალანდარიშვილმა დადგა და კარიკატურულად თვალახვეული წარსდგა ცესკო-ს სხდომაზე, შეაჯამა ოქმი და ამით დააკანონა მოპარული არჩევნები.

კალანდარიშვილმა დღეს შავი მელანი ჩამოირეცხა, მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს, აუცილებლად წარდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. მანამდე კი ვაფრთხილებთ რეჟიმს, სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს და მის ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა საპროტესტო აქტით კალანდარიშვილის წინააღმდეგ და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც გიორგი კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით არჩევანი მოჰპარა. იცოდეთ და გესმოდეთ, ამას საზოგადოება არ გაპატიებთ, ყველა ერთად ერთ დიდ შავ ლაქად იქცევით საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ კი აუცილებლად მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ხელახლა ჩაატარებს კეთილსინდისიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული სააჩევნო ადმინისტრაცია, რომლის წევრი აუცილებლად კვლავ იქნება დავით კირთაძე, თუმცა საზოგადოებას ვპირდებით, რომ იმ ადმინისტრაციის წევრი არ იქნება არჩევნების ქურდი, თავლაფდასხმული, დამნაშავე კალანდარიშვილი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საქართველოს მოქალაქეების არჩვნების მოპარვისთვის ისტორიულ არჩევნებზე. მადლობა დავით კირთაძეს სიმართლისა და გამბედაობისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა. აღნიშულ ფაქტზე ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.