“დავინახეთ, რომ პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, გაბრაზებული და განაწყენებული არიან”-მაია კოპალეიშვილი

398
spot_img

დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, არ ადარდებთ, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა. მათი დარდი არის  წმინდად პოლიტიკური, გაბრაზებული და განაწყენებული არიან საქართველოს პრეზიდენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია კოპალეიშვილმა აღნიშნა, „მათი სურვილია, საქართველოს პრეზიდენტი გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან და არა ის, რომ კონსტიტუცია დაირღვა ან კონსტიტუციის გადარჩენის ინტერესი აქვთ“.

„დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 49-ე მუხლის შინაარსობრივ დატვირთვას 52-ე მუხლთან კავშირში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დღეს გერმანიის პრეზიდენტის მაგალითიც მოგვიყვანეს, რომლის მიხედვითაც, თურმე ქვეყნის შიგნითაც ვერ მიიღებს ვერავის მთავრობის თანხმობის გარეშე. თქვენ ახლა რომ დაადგინოთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, თქვენი ეს დასკვნა ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში. თქვენ შეიძლება ძალიან ასიამოვნოთ პოლიტიკურ უმრავლესობას ამ საკითხში, მაგრამ ნდობა თქვენ დასკვნას ვერ ექნება, რადგან ეს არ არის ის კონკრეტული დარღვევა, უხეში დარღვევა, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგი არია“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან, რადგან კონკრეტულად არ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი განცხადება.

„ჩვენ ეს კარგად დავინახეთ დღეს, რომ პოლიტიკური უმრავლესობა თუ იქნება გაბრაზებული საქართველოს პრეზიდენტზე, მას შეუძლია, მანიპულირება მოახდინოს კონსტიტუციის ნორმებით. პიროვნული შეუთავსებლობის გამო სხვა გზა ვერ მონახეს პრეზიდენტის წინააღმდეგ და გამოიყენეს იმპიჩმენტის პროცედურა. დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკური პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოში როდესაც გადმოვიდა ეს საკითხი, შეიძინა სამართლებრივი სივრცე, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ჯეროვანი პროცედურის დაცვით გამოიკვლევს ამ ყველა სამივე ფაქტს, ფაქტობრივ გარემოებას, შეაფასებს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებთან მიმართებით და ისე მიიღებს გადაწყევტილებას“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.