დიდი ბრიტანეთის გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით: „დასავლეთს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას გამარჯვების მიღწევაში დაეხმაროს“, რომელშიც, აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადების გათვალისწინებით, ოპტიმისტური პოზიციაა გამოხატული: „ევროპას ნამდვილად აქვს იმის ძალა, რომ ომი საკუთარი (ანუ უკრაინის) პირობებით დაასრულოს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადება უკრაინაში მიმდინარე ომის პერსპექტივასთან დაკავშირებით მსოფლიოს ჩვეული ტრამპისეული გამოცანის წინაშე აყენებს: რა იგულისხმა ამერიკის მეთაურმა? პრეზიდენტის ნათქვამის კარგი განმარტება არის ის, რომ იგი თვლის – „უკრაინას აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს და გაიმარჯვოს“ და რომ მას შეუძლია დაიბრუნოს რუსების მიერ „ოკუპირებული ტერიტორიები და აღიდგინოს თავდაპირველი საზღვრები“. მაგრამ დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ უკრაინამ ბრძოლა „ევროპის დახმარებით უნდა გააგრძელოს“ და ნათქვამს ემოციური ფრაზით ამთავრებს: „ყველას წარმატებას ვუსურვებ!“.
პრეზიდენტის ფრაზების ყველაზე დამაჯერებელი და სარწმუნო ინტერპრეტაცია იმაში გამოიხატება, რომ მისტერ დონალდ ტრამპს განზრახული აქვს იმ ომისაგან დისტანცირება, რომელიც მან თავისი დონკიხოტისებური დიპლომატიით ვერ შეაჩერა და უკრაინისადმი დახმარებაში ევროპა დაავალდებულა, კიევი ხელში ბრიუსელს შეატოვა. ასეთი პერსპექტივა უკრაინის პრეზიდენტისათვის „ძარღვებში სისხლის გაყინვას“ ნიშნავს, რომ არა მნიშვნელოვანი საიმედო გარემოებების არსებობა. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთობლიობა 17 ტრილიონ გირვანქა სტერლინგს (ანუ 22 ტრილიონ დოლარს) შეადგენს, რაც 10-ჯერ და მეტად აღემატება რუსეთის მაჩვენებელს, რომლის მშპ მხოლოდ 1,6 ტრილიონი გირვანქა სტერლინგია (2 ტრლნ დოლ.). მიმდინარე წელს ნატოს ევროპელი წევრები თავდაცვაზე 420 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (565 მლრდ. დოლ.) დახარჯავენ, რაც თითქმის 4-ჯერ და მეტად აღემატება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს, რომლის მოცულობა დაახლოებით 148 მილიარდ დოლარს წარმოადგენს.
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ქაღალდზე მოცემული მშრალი ციფრებით ჩანს, ევროპა ყველანაირ – გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო – უპირატესობას ფლობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის იმდენი დახმარება გაუწიოს, რამდენიც საჭიროა ტრაგიკული კონფლიქტის დარეგულირებისათვის ისეთი პირობებით, როგორიც თვითონნ კიევს აწყობს, რაც, თავის მხრივ, გამარჯვების ერთადერთ გონივრულ ფაქტორს წარმოადგენს. ევროპას ასევე აქვს მრავალი კონკრეტული ვარიანტი, რომ სტრატეგიული ბალანსი უკრაინის სასარგებლოდ შეცვალოს.
გერმანიას, ალბათ, ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინას ფრთოსანი რაკეტები „ტაურუსები“ მიაწოდოს, რომელიც კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აღუთქვა, მაგრამ ჯერაც არ მიუცია. ევროპულ მთავრობებს შეუძლიათ ნება დართონ უკრაინას, რომ კიევმა უკვე მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები რუსეთის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად გამოიყენოს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი გარემოება არის იოს, რომ უკრაინამ დაიწყო რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანება/განადგურება დრონების მეშვეობით. რუსეთს აქვს 30-მდე ქარხანა, რომელიც ნავთობის 80%-ს ამუშავებს და უშვებს სამხედრო ტექნიკისათვის აუცილებელ ბენზინს, დიზელს (გაზოილს) და სხვა მასალებს. ამ ქარხნების ნახევარი მდებარეობს იმ ტერიტორიაზე (უკრაინიდან 600 კმ-ის მოშორებით), რომელსაც უკრაინის დრონები თავისუფლად მიწვდებიან. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეტოს კიევის დასახმარებლად და რუსეთის ე.წ. „აქილევსის ქუსლს“ ხშირად დაარტყას – ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს კიდევ უფრო მეტად შეუტიოს. მათი დანგრევა ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს არამარტო სამხედრო სფეროსათვის, არამედ სამოქალაქოსთვისაც – ტრანსპორტი და მოსახლეობა საწვავის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რაც დღეს რუსეთში უკვე იგრძნობა.
გარდა ამისა, ევროპამ რუსეთის ფინანსური აქტივები უნდა დააყადაღოს – დაახლოებით 300 მილიარდამდე დოლარი, რომლებიც ევროპულ ბანკებშია შენახული (ომის დაწყების წინ კრემლმა ოპერატიულად ვერ მოახერხა აღნიშნული აქტივების რუსულ ბანკებში გადატანა). რუსეთის აქტივების დიდი ნაწილი უმეტესად ბრიუსელის ბანკში – Euroclear-ში დევს და ის უკრაინას უნდა გადაერიცხოს. ეს ფული უკრაინის მშპ-ის თითქმის 140%-ს შეადგენს და კიევისათვის „სტრატეგიული მნიშვნელობის ეფექტის“ გამოწვევა შეუძლია.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავის ხელში უნდა აიღოს ევროპული ძალისხმევის სადავეები უკრაინის დასახმარებლად. ევროპა ნამდვილად ფლობს კოლექტიურ ძალას. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდის გამოავლენს კონტინენტი თავის ნებას.