დასავლეთი გეოპოლიტიკურ სისუსტეს იჩენს -ავთანდილ წულაძე

8
spot_img

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ვითარება ჩიხში შევიდა. ტრამპმა უარი თქვა ევროკავშირთან ერთად რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.

სააგენტო „Bloomberg-ი“  იტყობინება, რომ ტრამპი თვლის, პუტინი უკრაინასთან ომს იგებს. ტრამპი, პონტიუს პილატეს მსგავსად, ხელებს იბანს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემდგომ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას ევროპას აკისრებს.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებულ ვითარებაზე?

პირველი. ევროპასა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე განხეთქილებაა.  შეერთებული შტატების და ევროპის მცდელობა  ერთად ემოქმედათ უკრაინის საკითხში მოლაპარაკებების შესახებ, ჩაიშალა. მიმდინარე პროცესი რუსეთსა და ჩინეთს დიპლომატიური მანევრირების მეტ შესაძლებლობებს აძლევს.

მეორე. ტრამპის სატარიფო ომი წარუმატებლად დასრულდა. ტრამპმა ვერ შეძლო თავისი მიზნების მიღწევა. სამაგიეროდ, ტრამპმა შეერთებულ შტატებს ისეთი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა, რომლებიც მის თეთრ სახლში დაბრუნებამდე არ არსებობდა. ჟურნალ „Politico-ოს“ ცნობით, ახალი გამოკითხვებით ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილება იზრდება. მაგალითად, მარტში ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 58 პროცენტმა განაცხადა, რომ მათი აზრით, ტარიფები აშშ-ის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ხოლო 28 პროცენტმა დაუჭირა მხარი ტრამპის სატარიფო პოლიტიკას.

https://www.politico.com/news/2025/05/21/trump-economy-poll-00362634

ტრამპის დამარცხებამ სატარიფო ომში ჩინეთის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პოზიცია გააძლიერა.

მესამე. ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიაა უკრაინაში ომის, ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემისა და ისრაელსა და ჰამასს შორის ომის ერთ „პაკეტში“ გაერთიანება. ტრამპმა ამ პრობლემების მოგვარება ცალ-ცალკე სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. შედეგად, უკრაინაში ომი გრძელდება, ისრაელმა განაახლა სამხედრო მოქმედებები ჰამასის წინააღმდეგ და აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაშიც არ არის ერთიანობა ბევრ გეოპოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ევროპა ჯერ კიდევ არ არის მზად დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე.

დასავლეთის სისუსტე ქმნის პირობებს ჩინეთისა და მისი მოკავშირეების შემდგომი გეოპოლიტიკური ექსპანსიისთვის. უკრაინაში ომი გაგრძელდება დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის პირად შეხვედრამდე. ორი ზესახელმწიფოს ლიდერებს მოუწევთ შეთანხმდნენ არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ვაჭრობის პირობებზე, არამედ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფაზეც.

ტრამპი სი ძინპინზე უფრო სუსტ პოზიციაშია. დღეს შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი გეოპოლიტიკური ჭადრაკის თამაშში ჩინეთთან აგებს. ეს დიდწილად განპირობებულია ტრამპის მიერ ეკონომიკასა და საერთაშორისო დიპლომატიაში ცუდად გათვლილი ქმედებებით. ჩინეთთან კონკურენციის წაგების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთს ლიდერების ახალი თაობის აღზრდა სჭირდება. მაგრამ ახალი ჩერჩილებისა და რეიგანების დრო ჯერ არ დამდგარა.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი