დარწმუნებული ვარ, ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოს უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს შეუწყობს – დიდი ინტერესით ველით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს.
ილია დარჩიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დემოკრატიული რეფორმების პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. მე მქონდა შესაძლებლობა გენერალური მდივნისთვის გამეზიარებინა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ვისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ საქართველოს უსაფრთხოებას. მინდა ქალბატონ გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადო საქართველოში ჩამობრძანებისთვის და დიდი ინტერესით ველით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს შესაბამისი უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, ევროპის საბჭოსთან 2024-2027 წლებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, მუშაობა მიმდინარეობს.
“საქართველოსთვის ევროპის საბჭოსთან სამოქმედო გეგმა არის ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის, ინსტიტუტებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. ასევე, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ეს თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან,” – აღნიშნა მინისტრმა.