ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურორს – დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ?!
მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სტატუსის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი – დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ?! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სინამდვილეში „ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეა“ და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
„ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის პასუხად მე-18 დღეა შიმშილობს, არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე, მაგრამ ამ საქმის შემოქმედებიდან არავის ჰქონდეს იმედი, რომ შეძლებს რეჟიმის სახელს ამოეფაროს და მომავალში თავი იმით იმართლოს, რომ „მაშინ დრო იყო ასეთი“ დამნაშავეებს ექნებათ კონკრეტული სახელები და გვარები.
დღეს, მე მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სტატუსის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი. თქვენ ზუსტად იცით, რომ მზია ამაღლობელი არათუ პატიმრობაში არ უნდა გყავდეთ, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან მისი ქმედება არ ქმნის იმ დანაშაულის შემადგენლობას, რომელსაც ედავებით. პროპაგანდა ცდილობს სამართლებრივი ტყუილები გაავრცელოს, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტმა, სიმართლე ზუსტად იცით და იცით, კარგად.
დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის პატიმრობის ტვირთი პირადად ზიდოთ მთელი ცხოვრება? დარწმუნებული ხართ, რომ ამ ცოდვით ცხოვრებას შეძლებთ?
მზია ამაღლობელის საქმეზე პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება. მზია ამაღლობელის საპატიმროში ყოფნა არის აბსოლუტურად უკანონო, დაუსაბუთებელი. რა დანაშაულსაც მას ედავებიან, ეს მას არ ჩაუდენია, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. დანაშაული – პოლიციაზე თავდასხმა – რასაც მას ედავებიან, მას არ ჩაუდენია და სანამ სასამართლო საკითხს სწავლობს, არანაირი საჭიროება მისი ციხეში ყოფნის, არ არსებობს. შესაბამისად, მისი იქ ყოფნა მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ და ზნეობრივ გამართლებას და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-18 დღეა.